სისხლის სამართლის პრინციპები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

სისლის  სამართლის  პრინციპები  კრიმინალიზაციის  პროცესის  მომწესრიგებელი  ნორმატიული  მოთხოვნებია,  რომელსაც  კანონმდებელი  უნდა  დაემორჩილოს.  სისხლის  სამართლის  კანონი  ამ  მოთხოვნების  მიხედვით  უნდა  აიგოს.  სისხლის  სამართლის  ყველა  პრინციპი  კანონმდებლის  საქმიანობას  განსაზღვრავს  და  მათ  მნიშვნელობა  აქვთ  ჩადენილი  დანაშაულისთვის  სასჯელის  დანიშვნისას.

კანონიერების პრინციპი
კანონიერების  პრინციპი  სამართლის  ზოგადი  პრინციპია,  მაგრამ  იგი  სპეციფიკურად  ვლინდება  სისხლის  სამართალში.  ამ  პრინციპის  თანახმად,  ყველა  ქმედება,  რომელსაც  სახელმწიფო  დანაშაულად  მიიჩნევს  გათვალისწინებული  უნდა  იქნეს  სისხლის  სამართლის  კანონში.  ამრიგად,  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსით  დანაშაულად  ითვლება  მხოლოდ  კანონით  გათვალისწინებული  ქმედება.    ეს  იმასაც  ნიშნავს,  რომ  ანალოგია  სისხლის  სამართლის  კერძო  ნაწილის  ასპექტით  გამორიცხულია.  ნორმის  ანალოგიის  წესით  გამოყენება  არაა  გამორიცხული  სისხლის  სამართლის  კერძო  ნაწილში,  როდესაც  საქმე  ეხება  ჩადენილი  დანაშაულებრივი  ქმედებისთვის  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობის  შემსუბუქებას  ან  პასუხისმგებლობისგან  გათავისუფლებას.    სისხლის  სამართლის  ზოგად  ნაწილში  ცალ-ცალკე  არაა  პასუხისმგებლობის  შემამსუბუქებელი  და  დამამძიმებელი  გარემოებანი,  რაც  გულისხმობს  ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში  ამ  გარემოებათა  დადგენას.  თუ  პასუხისმგებლობის  დამამძიმებელ  გარემოებებს  უნდა  მიეცეს  შეზღუდული  ახსნა-განმარტება,  შემამსუბუქებელს  პირიქით  ფართო  ახსნა-განმარტება  უნდა  მიეცეს,  რაც  თავის  მხრივ  ანალოგიის  წესით  კანონის  გამოყენებასაც  გულისხმობს.  კანონიერების  პრინციპი  სისხლის  სამართალში  ვლინდება  სასჯელის  ასპექტითაც.  საჯელის  სახეები  ზუსტადაა  ჩამოთვლილი  სისხლის  სამართლის  ზოგად  ნაწილში,ანუ  ამ  ჩამონათვალში  მოუხსენიებელი  სასჯელის  გამოყენება  დაუშვებელია.    ქმედების  დანაშაულებრიობა  განისაზღვრება  სსკ-ს  კანონით,  რომელიც  მოქმედებდა  მისი  ჩადენის  დროს.  გამონაკლისია  სსკ-ს  კანონის  უკუძალა,  რაც    ნიშნავს  ახალი  კანონის  გამოყენებას  ამ  კანონის  ძალაში  შესვლამდე  ჩადენილი  ქმედების  მიმართ,  თუ  ეს  ახალი  კანონი  აუქმებს  ძველი  კანონით  ჩადენილი  ქმედების  დასჯადობას..  სისხლის  სამართალი  ქმედების  სამართალია.  აღსანიშნავია,რომ    დანაშაულებრივი  ქმედება  სუბიექტის  ნებელობითი  საქციელისგან  მოწყვეტით  შეუძლებელია.    კრიმინალიზაციის  ობიექტია  არა  მარტო  ნების  გარეგანი  აქტი,  არამედ  სუბიექტის  ქცევის  ფსიქიკურ  საზრისში  გამოხატული  მისი  პასუხისმგებლობაც.  კრიმინალიზაციის  ობიექტი  შერაცხადი  პირის  ქმედებაა.

კანონისწინაშეთანასწორობისპრინციპი
          კანონის  წინაშე  თანასწორობის  პრინციპი  ერთ-ერთი  კონსტიტუციური  პრინციპია,  რომელიც  გამოხატულებას  სისხლის  სამართალშიც  ჰპოვებს.    სსკ  კატეგორიულად  კრძალავს  ადამიანთა  თანასწორუფლებიანობის  დარღვევას  მათი  რასის,  კანის  ფერის,  ენის,  სქესის,  რელიგიისადმი  დამოკიდებულების,  აღმსარებლობის,  პოლიტიკური  და  სხვა  შეხედულებების,  ეროვნული,  ეთნიკური,  სოციალური,  რომელიმე  წოდებისადმი  კუთვნილების,  წარმოშობის,  საცხოვრებელი  ადგილის  ან  ქონებრივი  მდგომარეობის  გამო.  მართლზომიერი  ქმედება  ყველა  დელიქტუნარიანი  პირისთვის  თანაბრად  სავალდებულოა.  მაშასადამე,  კანონის  წინაშე  თანასწორობის  საგარანტიო  ფუნქციას  ასრულებს  სისხლის  სამართლით  გათვალისწინებული  ქმედება.  ამგვარი  ქმედების  ჩამდენი  პირი  უნდა  მიექცეს  სისხლისსამართლებრივ  პასუხისგებაში.  თუმცა  აქედან  არ  გამომდინარეობს,  რომ  ყველა  პირი  თანაბრად  უნდა  დაისაჯოს.  ჯერ  ერთი,  პასუხისმგებლობა  მკაცრად  პერსონალურია,  მეორეც,  კანონის  წინაშე  საქმის  ვითარების  იურიდიულ  მხარეს  გამოხატავს  მაშინ,  როცა  არსებობს  ადამიანთა  შორის  ფაქტობრივი  განსხვავება,  რაც  თავის  მხრივ  გამოიხატება  უფლება-მოვალეობათა  განსხვავებაშიც.  ამიტომაცაა,  რომ  პასუხსაგება  თანამდებობაზე  მყოფ  მოხელეს  მეტი  მოეთხოვება,  ვიდრე  ჩვეულებრივ  მოქალაქეს,  ერთი  და  იმავე  დანაშაულისთვის.  ქალებს,  როგორც  წესი  უფრო  მსუბუქად  სჯიან  ვიდრე  მამაკაცებს,  უცხოელს  შეიძლება  რაიმე  შეღავათი  გაეწიოს,რადგანაც  მან  არ  იცის  საქართველოს  კანონმდებლობა,  სახელმწიფო  ენა  და  ა.შ.  მაგრამ  ეს  კანონი  სასჯელის  დანიშვნის  ზოგად  საწყისებს  უკავშირდება  და  ოდნავადაც  არ  არყევს  პრინციპს,  რომლის  თანახმად  ყველა  პირი  კანონის  წინაშე  თანასწორია  სისხლის  სამართალშიც,  ხოლო  ამ  მხრივ  თანასწორობის  გარანტიას  სსკ-ში  აღწერილი  დანაშაულის  შემადგენლობა  წარმოადგენს.

ბრალეულიპასუხისმგებლობისპრინციპი
დანაშაულის  ჩადენა  მხოლოდ  ადამიანს  შეუძლია.  დანაშაული,  როგორც  უკვე  ითქვა,  არის  სსკ-ით  გათვალისწინებული  მართლსაწინააგმდეგო  და  ბრალეული  ქმედება.  მაშასადამე  ბრალი  დანაშაულის  მესამე  ნიშანია.  ეს  იმასაც  ნიშნავს,  რომ  არ  არსებობს  დანაშაული  ბრალის  გარეშე.  მართლსაწინააღმდეგო  ქმედება  შეიძლება  ჩადენილ  იქნეს  ბრალის  გარეშეც,  ამიტომ  დებულება,  რომ  ჩადენილ  მართლსაწინააღმდეგო  ქმედებაში  სუბიექტის  ბრალი  ყოველთვის  უნდა  ივარაუდებოდეს  ყოველთვის  სწორი  არაა.  პირიქით,  იმ  შემთხვევაშიც  კი,  როდესაც  სუბიექტს  განხორციელებული  აქვს  დანაშაულის  რომელიმე  შემადგენლობა,  რომლის  მართლსაწინააგმდეგოობა  ეჭვს  არ  იწვევს,  სუბიექტი  მაინც  არაბრალეულია,  ვიდრე  მისი  ბრალი  დადგენილი  არ  იქნება  კანონიერ  ძალაში  შესული  გამამტყუნებელი  განაჩენით.  მაშასადამე  სისხლის  სამართალში  მოქმედებს  არაბრალეულობის  პრეზუმფცია.  სისხლის  სამართლის  პროცესში  მტკიცების  ტვირთი  ეკისრება  ბრალმდებელს  და  არა  ბრალდებულს.  სისხლის  სამართალში  ბრალის  ცნებასა  და  ფორმებს  უდიდესი  მნიშვნელობა  აქვს.  ბრალეული  პასუხისმგებლობის  პრინციპი  მიმართულია  კანონმდებელზე.ამ  მხრივ  უპირველესია  სუბიექტური  შერაცხვის  პრინციპის  საკანონმდებლო  გადაწყვეტა.სსკ  ითვალისწინებს  აგრეთვე  შეზღუდული  შერაცხადობის  ცნებას.  ბრალეული  პასუხისმგებლობის  პრინციპი  თავად  ბრალის  ცნებასა  და  ფორმებსაც  გულისხმობს.  სსკ-ში  ბრალის  ფორმები  ბრალის  ცნების  გარეშეა  წარმოდგენილი,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  ბრალი  წარმოდგენილია  შინაარსის  გარეშე,  თუმცა  სისხლის  სამართლის  კოდექსებში  საზოგადოდ  ბრალის  ცნების  განმარტება  იშვიათია.  აქედან  გამომდინარე  განზრახვა  და  გაუფრთხილებლობა  სისხლისსამართლის  ან  წინდახედულობის  ნორმებისადმი  სუბიექტის  უპასუხისმგებლო  დამოკიდებულების  გამოვლენის  ფორმებია.ბრალეული  პასუხისმგებლობის  პრინციპი  ეხება  აგრეთვე  იურიდიულ  პირსაც,  რადგანაც  ისიც  შეიძლება  მოქმედებდეს  მართლსაწინააღმდეგოდ,  როდესაც  მასში  შემავალი  ფიზიკური  პირი  (პირები)  მართლზომიერი  ქმედების  ვალდებულებას  მოეკიდება  უპასუხისმგებლოდ,  ნაცვლად  იმისა,  რომ  მოჰკიდებოდა  პასუხისმგებლობით.  ეს  კი  მართლსაწინააღმდეგო  ქმედების  სუბიექტური  მიზეზია  და  ბრალის  სინონიმია.
პირადიპასუხისმგებლობისპრინციპი
სისხლის  სამართალში  მოქმედებს  პირადი  პასუხისმგებლობის  პრინციპი,  რომლის  თანახმად,  სისხლის  სამართლის  ყოველი  სუბიექტი  ინდივიდუალურადაა  პასუხისმგებელი  სახელმწიფოს  წინაშე  მართლწესრიგის  დაცვისთვის.  დაშვებულია  ზოგ  შემთხვევაში  ჯგუფური  პასუხისმგებლობაც,  მაგრამ  ეს  არ  ეწინააღმდეგება  პასუხისმგებლობის  პირად  ხასიათს.  ჩადენილი  ქმედებისთვის  პასუხს  აგებს  უშუალოდ  მისი  ჩამდენი  პირი  და  არა  მისი  მშობელი,  ახლობელი  ან  სხვა  ვინმე.  ცხადია  შვილის  მიერ  ჩადენილი  დანაშაულისთვის  მშობლები  ზნეობრივ  პასუხისმგებლობას  თავს  ვერ  დააღწევენ  მაგრამ  ეს  არ  ეწინააღმდეგება  პასუხისმგებლობის  პირად  ხასიათს.  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობა  მკაცრად  პერსონალურია.  დანაშაულში  თანამონაწილეობისას  ადგილი  აქვს  ბრალის  განსაზღვრულ  ერთიანობას  ანუ  თანაბრალეულობას.,  მაგრამ  ეს  იმას  არ  ნიშნავს,  რომ  დანაშაულსი  თანამონაწილეობისთვის  პასუხისმგებლობა  სოლიდარული  ან  კოლექტიურია.  საქმე  ისაა,  რომ  დანაშაულში  თითოეული  თანამონაწილე  სხვასთან  თანაბრალეულობის  მიუხედავად  პასუხს  აგებს  საკუთარი  ბრალის  ხარისხის  მიხედვით.  მაშასადამე  ერთია  ბრალის  ცნება  და  მეორეა  ნეგატიური  პასუხისმგებლობა,  რომელიც,  თავის  მხრივ,  პასუხისმგებლობის  ინდივიდუალიზაციის  პროცესში  გადადის.  იგივე  ითქმის  იურიდიული  პირის  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობის  შესახებაც.
პასუხისმგებლობისგარდუვალობისპრინციპი
გარდუვალია  არა  მხოლოდ  ნეგატიური  პასუხისმგებლობა,  არამედ  პოზიტიური  პასუხისმგებლობაც.    თუ  სუბიექტი  თავის  მოვალეობას  პასუხისმგებლობით  არ  მოეკიდება,  მაშინ  ის  უპასუხისმგებლობის  ვითარებაში  აღმოჩნდება,  ხოლო  ამგვარ  უპასუხისმგებლობას  გარდუვალად  მოჰყვება  ნეგატიური  პასუხისმგებლობა.  ადამიანი  პასუხისმგებლობას  ვერ  გაექცევა,  ის  ან  პოზიტიური  პასუხისმგებლობის  სუბიექტია  ან  ნეგატიურის.  პასუხისმგებლობის  გარდაუვლობის  პრინციპს  სისხლის  სამართალში  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  უპირველეს  ყოვლისა  დანაშაულთა  თავიდან  ასაცილებლად.  სისხლისსამართალში  პასუხისმგებლობის  გარდაუვლობა  არ  ემთხვევა  სასჯელის  გარდაუვლობას.  ცხადია  სასჯელი  სისხლისსამართლებრივი  გამოვლენის  ერთ-ერთი  ფორმაა  და  მაშასადამე  სასჯელიც  ამ  აზრით  გარდაუვალია,  მაგრამ  არსებობს  სასჯელის  ეკონომიის  პრინციპიც,  რომლის  თანახმად,  სასჯელი  წაღმა–უკურმა  არ  უნდა  გამოვიყენოთ.  ადამიანი  ყველაფერს  ეჩვევა,  მაშასადამე  იგი  სასჯელსაც  შეეჩვევა.  ამ  პირობებში  იგი  ეფექტური  ვეღარ  იქნება.  ამიტომაა  აუცილებელი,  რომ  ყველა  შესაძლებელ  შემთხვევაში  გამოვიყენოთ  სისხლისსამართლებრივი  ზემოქმედების  სხვა  ზომა,  ვიდრე  სასჯელი.  მეორეც,  არსებობს  პასუხისმგებლობისგან  და  სასჯელისგან  გათავისუფლების  წესი  და  პირობები,  რაც  იმას  ადასტურებს,  რომ  სათანადო  რეაგირების  გარეშე  არცერთი  დანაშაული  არ  უნდა  დარჩეს,  ხოლო  საკითხი  იმის  შესახებ,  თუ  ზემოქმედების  რა  ზომა  უნდა  იქნეს  გამოყენებული,  წყდება  ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში.

სასჯელისინდივიდუალიზაციისპრინციპი
            სასამართლოს  ეძლევა  შესაძლებლობა  შეარჩიოს  სასჯელი,  რომელიც  ყველაზე  უფრო  ადეკვატურად  გამოხატავს  როგორც  დანაშაულის  ბუნებას,  ისე  მისი  ჩადენის  გარემოებებს  და  ბრალეულის  პიროვნებას.  სსკ-ში  როგორც  წესი  თავიდანაა  აცილებული  აბსოლიტურად  განსაზღვრული  სანქციები,  ხოლო  მთელ  რიგ  შემთხვევებში  დაწესებულია  სასჯელის  მაქსიმუმი  ამავე  დანაშაულისთვის  იქვე  მინიმალური  ზომის  განსაზღვრის  გარეშე.  პასუხისმგებლობის  ინდივიდუალიზაციის  პრინციპი  პრაქტიკულად  ვერ  განხორციელდება  ბრალეულთა  პიროვნული  თავისებურებების  გათვალისწინების  გარეშე.  მითუმეტეს  რომ  სასჯელის  მიზანია  მსჯავრდებულის  პოზიტიური  პასუხისმგებლობის  აღდგენა  და  არასრულწლოვანთა  შემთხვევაში  აღზრდაც.  დამნაშავის  პიროვნება  მის  მიერ  ჩადენილ  დანაშაულზე  არ  დაიყვანება.  ამიტომ  სასამართლო  ვალდებულია  ღრმად  შეისწავლოს  დამნაშავის  პიროვნება,  მისი  ცხოვრების  თავისებურებები,  მისი  მისწრაფება  ზიანის  ანაზღაურებისა  და  დაზარალებულთან  შერიგებისა.  სასჯელის  ინდივიდუალიზაცია  განსაკუთრებით  აქტუალურია  თანამონაწილეობისას,  სადაც  აუცილებელია  დადგინდეს  ამ  ერთიან  უმართლობაში  თითოეული  თანამონაწილის  აგრეთვე  ამსრულებლის  როლი,  ამის  შესაბამისად  თითოეულის  ბრალის  ხარისხი.  სასჯელის  ინდივიდუალიზაცია  ეხება  იურიდიულ  პირსაც.

სამართლიანობისპრინციპი

სამართლიანობის    მიხედვითა  ყველას  თავისი  უნდა  მიეზღოს.  ამის  გამო  იქმნება  საშიშროება,  რომ  სამართლიანობის  პრინციპი  სისხლის  სამართალში  ჩადენილი  დანაშაულისთვის  სამაგიეროს  მიზღვის  პრინციპში  გადაიზარდოს.  ამ  საფრთხის  თავიდან  ასაცილებლად  ხაზგასასმელია  ის  გარემოება,  რომ  სასჯელი  მართალია  დასჯაა  ჩადენილი  დანაშაულისთვის,  მაგრამ  იგი  მიზნად  ისახავს  ისეთ  შედეგებს,  რომელთაც  სამაგიეროს  მიზღვის  პრინციპთან  საერთო  არაფერი  აქვთ-კერძოდ:  სამართლიანობის  აღდგენა,  ახალი  დანაშაულის  თავიდან  აცილება  და  დამნაშავის  რესოციალიზაცია.აშკარაა,  რომ  დანაშაულებრივი  ქმედება  მარტო  მართლსაწინააგმდეგო  კიარაა,  არამედ  უსამართლობაც.    სახელმწიფომ  აუცილებლად  უნდა  განსაზღვროს  დანაშაულისა  და  სასჯელის  შესაბამისობის  საკითხი.  გათვალისწინებული  უნდა  იქნას  ყველა  გარემოება  სუბიექტური  თუ  ობიექტური,  რათა  სასამართლომ  შეძლოს  დანიშნოს  შესაბამისი  სასჯელი.  სასჯელის  სამართლიანობა  ერთი  მხრივ  აკმაყოფილებს  საზოგადოებრივ  გრძნობას,  რომ  დანაშაულის  ჩადენით  ხელყოფილი  სამართლიანობა  აღდგენილი  იქნა,  ხოლო  მეორე  მხრივ  იგი  ხელს  უწყობს  მსჯავრდებულის  მხრივ  სასჯელისადმი  სწორი  დამოკიდებულების  შემუშავებას.    ის  ფაქტი  რომ  დამნაშაშავემ  შეიგნო  თავისი  დანაშაულის  ხასიათი,  გულწრფელად  მოინანია  იგი  და  ამ  თვალსაზრისით  გამოსწორებას  სისხლისსამართლებრივი  გაგებით  არ  საჭიროებს,  იგი  მაინც  დაისჯება,  თუმცა  დანაშაულისადმი  დამოკიდებულების  გათვალისწინებით.  სამართლიანობასთანაა  დაკავშირებული  ერთი  დანაშაულისთვის  ერთჯერადი  პასუხისმგებლობის  პრინციპიც.  ცხადია  მკაცრ  სისხლისსამართლებრივ  პასუხისმგებლობას  იმსახურებს  პირი  არაერთგზისი  ან  რეციდივული  დანაშაულისთვის,  დანაშაულთა  ან  განაჩენთა  ერთობლიობისას.  ერთი  დანაშაულისთვის  ერთჯერადი  პასუხისმგებლობის  პრინციპი  არ  გამორიცხავს  განმეორებით  სასამართლო  პროცედურას,  როდესაც  სასამართლო  ბრალდებულის  მიმართ  იყო  უსამართლო  ან  პირი  პასუხისგებაში  მიცემული  იყო  მისი  დასჯის  ნამდვილი  მიზნის  გარეშე.  თუმცა  პირთა  დასჯა  ყოველთვის  სამართლიანი  არაა.
ჰუმანიზმისპრინციპი
          ჰუმანიზმი  ნიშნავს  ადამიანის  სიყვარულს,  მისი  პიროვნებისადმი  პატივისცემას,  მისივე  ინტერესების,  უფლებებისა  და  თავისუფლების  გათვალისწინებას.  რეალურ  სამყაროში  ადამიანზე  უფრო  მაღალი  ღირებულება  არ  არსებობს.  ადამიანის  პიროვნებისადმი  მაღალზნეობრივი  დამოკიდებულება  დანაშაულთა  თავიდან  აცილების  სფეროში  მნიშვნელოვანი  ფაქტორია.  უნდა  აღინიშნოს  ის,  რომ  სიკვდილით  დასჯა  ნებისმიერი  ფორმით  არ  შეიძლება  სასჯელად  ჩაითვალოს.  სასჯელი  დასჯაა  ჩადენილი  დანაშაულისთვის  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  სასჯელი  სუბიექტმაც  უნდა  აღიქვას,  განიცადოს,  რაც  სიკვდილით  დასჯის  შემთხვევაში  გამორიცხულია.  უფრო  მეტიც-ამ  შემთხვევაში  გამორიცხულია  მსჯავრდებულის  რამენაირი  გამოსწორების  იდეაც.  მეორე  მხრივ  როცა  სახრჩობელაზე  მსჯავრდებული  ეკიდა,  რომლესაც  არავითარი  ადამიანური  ღირებულება  არ  გააჩნდა  და,  ამით  საზოგადოდ  ეცემოდა  ადამიანისადმი  პატივისცემითი  დამოკიდებულების  სულისკვეთება  და  მკვიდრდებოდა  სისასტიკის  საშიში  ტენდენცია.  ამ  ვითარებაში  დანაშაულთა  თავიდან  აცილება  კიარ  ხდებოდა  არამედ  პირიქით  მკვიდრდებოდა  გაუფასურებული  ადამიანის  წინააღმდეგ  ნებისმიერი  ძალადობის  გამოვლენის  ტენდენცია.  ამ  მხრივ  სიკვდილით  დასჯის  გაუქმება  მნიშვნელოვანი  ტენდენციაა  საქართველოში.  სსკ-მ  სიკვდილით  დასჯის  ექვივალენტად  დააწესა  უვადო  თავისუფლების  აღკვეთა,  რომელიც  თავისთავად  აღებული  მეტად  მკაცრია  და  მისი  ფილოსოფიურად  დასაბუთება  არცთუ  ისე  იოლია.    აქედანაც  იპოვეს  გამოსავალი,  კერძოდ:“მსჯავრდებული  უვადო  თავისუფლების  აღკვეთის  მოხდისგან  შეიძლება  განთავისუფლდეს,  თუ  მან  ფაქტობრივად  მოიხადა  25  წელი  და  თუ  სასამართლო  მიიჩნევს,  რომ  საჭირო  აღარაა  მსჯავრდებულმა  გააგრძელოს  ამ  სასჯელის  მოხდა“.  ადამიანი  სისხლისსამართლებრივი  დაცვის  უპირველეს  ობიექტად  გამოაცხადა.  სამწუხაროდ  დანაშაულთა  თავიდან  აცილება  ყოველთვის  ვერ  ხერხდება.  მართალია  სასჯელი  ადამიანში  იწვევს  მორალურ  ფსიქოლოგიურ  ტანჯვას,  რაც  სასჯელის  ობიექტური  ნიშანია  და  არა  მისი  მიზანი.    დაუშვებელია  დანაშაულის  ჩამდენი  პირის  ღირსების  დამცირება.  დანაშაულებრივი  ქმედება  როგორც  წესი  ამორალური  საქციელიცაა  და  მაშასადამე  დანაშაულის  ჩამდენი  პირის  მორალური  ღირსება  ისედაც  შელახულია,  რომ  მას  ზედ  დაემატოს  ღირსების  შემლახველი  ქმედებანი.  არ  არსებობს  „გამოუსწორებელი“  დამნაშავე  და  ყოველთვის  უნდა  დავიტოვოთ  იმის  იმედი,  რომ  მსჯავრდებული  გამოსწორდება.  სსკ  განსაკუთრებულ  ყურადღებას  უთმობს  არასრულწლოვანთა  სისხლისსამართლებრივი  დაცვისა  და  პასუხისმგებლობის  პრობლემას,  ამ  ასაკის  შესაბამისად  ყველა  საშეღავათო  გარემოებას,  მათ  შორის  აღმზრდელობითი  ხასიათის  ღონისძიებებს.  ყურადღება  ეთმობა  ორსულ  და  ბავშვიან  ქალებს,  მოხუცებისა  და  უმწეო  მდგომარეობაში  მყოფი  პირების  დაცვას,  რაც  ჰუმანიზმის  თავისებური  გამოვლენაა.  ცხადია  ჰუმანიზმი  სრულიად  არ  ნიშნავს  ცალმხრივ  დათმობებს  და  ზღვარგადასულ  მიმტევებლობას,  მიუხედავად  იმისა,  რომ  სსკ  ითვალისწინებს  ამნისტიისა  და  შეწყალების  შესაძლებლობას.