სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

სანივთო  და  ვალდებულებითი  სამართალი  მრავალი  ნიშნით  განსხვავდებიან.  ამ  განსხვავებას  საფუძველი  ჯერ  კიდევ  რომის  სამართალში  ჩაეყარა  სანივთო  და  ვალდებულებითი  უფლებების  დაცვის  საშუალებათა  ერთმანეთისაგან  გამიჯვნით.  რომაელი  იურისტები  განმარტავდნენ,  რომ  სანივთო  უფლება  წარმოადგენს  ნივთის  მიმართ  უშუალო  ბატონობის  გამოვლინებას,  ვალდებულება  კი  გულისხმობს,  რომ  სხვა  გავხადოთ  ჩვენთან  დაკავშირებული,  რათა  მოგვცეს  ან  შეასრულოს  რაიმე.  უფრო  გვიანდელი  იურისტების  აზრით,  ვალდებულებითი  ურთიერთობის  ობიექტია  მოქმედება,  სანივთოსი  კი  ნივთი.  კიდევ  ერთი  მნიშვნელოვანი  განსხვავებაა  ის,  რომ  სანივთო  უფლება  აბსოლუტური  უფლებაა,  ვალდებულებითი  –  რელატიური  (შეფარდებითი).  აბსოლუტური  უფლების  მატარებლის  წინაშე  ყველა  პირი  გვევლინება  როგორც  ვალდებული  პირი,  შეფარდებითი  უფლების  მატარებელს  კი  უპირისპირდება  განსაზღვრული  პირი,  როგორც  კონკრეტულ  უფლება-მოვალეობათა  სუბიექტი.  სანივთო  უფლება  ყველას  მიერ  უნდა  იყოს  ცნობილი  და  ხელყოფის  შემთხვევაში  დაცულია  სავინდიკაციო  და  ნეგატორული  სარჩელებით.    ნივთის  დაზიანების  შემთხვევაში  დელიქტური  სარჩელებიც  გამოიყენება,  რაც  აგრეთვე  სანივთო  უფლების  აბსოლუტურობის  გარანტიაა.  ვალდებულებით-სამართლებრივი  უფლება  მხოლოდ  მოვალის  მიმართ  იძლევა  სარჩელის  წარდგენის  შესაძლებლობას.  აბსოლუტური  ურთიერთობა  მყარდება  სამართლის  ნორმატიული  ნების  საფუძველზე,  შეფარდებითი  კი  ურთიერთობის  მონაწილეთა  ნების  საფუძველზე.

კიდევ  ერთი  მნიშვნელოვანი  განსხვავება  მდგომარეობს  იმაში,  რომ  სანივთო  უფლებები  ‘’numerus  clausas’’  – ს  პრინციპითაა  გასაზღვრული,  ანუ  სანივთო    უფლებათა  წრე  კანონით  ამომწურავადაა  მოხაზული  –  არსებობს  იმდენი  სანივთო  უფლება,  რამდენიც  კანონითაა  აღიარებული.  (ესენია:  საკუთრება,  აღნაგობა,  სერვიტუტი,  უზუფრუქტი,  გირავნობა,  იპოთეკა)  ვალდებულებითი  სამართალი  კი  თავისუფალია  ასეთი  იმპერატიული  ფორმულირებისგან.  კოდექსის  თანახმად,  მხარეებს  უფლება  აქვთ,  დადონ  ისეთი  ხელშეკრულებებიც,  რომლებიც,  მართალია,  კანონით  არ  არიან  გათვალისწინებული,  მაგრამ  არ  ეწინააღმდეგებიან  მას.

სხვა  განსხვავებაა  ის,  რომ  სანივთო  უფლება  ახასიათებს  საჯაროობა  და  განსაკუთრებული  ნდობისუნარიანობა,  რაც  მიიღწევა  სანივთო  უფლებათა  საჯარო  რეესტრში  რეგისტრაციით.  ამას  ვერ  ვიტყვით  ვალდებულებით  უფლებებზე.  მათზე  ინფორმაციას  საჯარო  რეესტრში  ვერ  მოვიპოვებთ.  სანივთო  უფლების  ეს  თავისებურება  განაპირობებს  სხვა  განსხვავებასაც.  რეესტრის  მონაცემების  მიმართ  მოქმედებს  უტყუარობისა  და  სისწორის  პრეზუმფცია,  ამიტომ  სანივთო  სამართალში  კეთილსინდისიერი  შემძენი  გაცილებით  უკეთაა  დაცული,  რადგანაც  ივარაუდება,  რომ  რეესტრის  ჩანაწერი  ნამდვილია.  ვალდებულებითში  კი  ასეთი  ვარაუდი  მმფლობელის  კეთილსინდისიერებას  უკავშირდება.

ამ  თვისებების  წყალობით  სანივთო  უფლებები  პრიორიტეტულია  ვალდებულებით  უფლებებათან  შედარებით  და  მათ  შორის  კოლიზიის  შემთხვევაში  უპირატესობა  სანივთო  უფლებებს  ენიჭება.