საერთაშორისო სამართალი

.

საერთაშორისო სამართალი E. International Law

(საერთაშორისო საჯარო სამართალი) – სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის წესების ერთობლიობა, აღიარებულია სახელმწიფოთა და სს-ის სხვა სუბიექტთა მიერ (იხ. სუბიექტები საერთაშორისო სამართლისა) იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს, რომლებიც თავს იჩენენ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა) და რომელთა შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. სს-ს ისტორიულად სახელმწიფოები ქმნიდნენ. XX ს-ის მეორე ნახევარში საერთაშორისოსამართლებრივი სუბიექტურიანობა მიენიჭა მთავრობათაშორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს; სახელმწიფოსმაგვარ წარმონაქმნებს (მაგ., ვატიკანი 1929 წლიდან), მაგრამ ამ სახის სუბიექტებს შეზღუდული ხელშეკრულებით (მაგ., გაერო) ან სახელმწიფოების განაწყვეტილებით (თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხები) სუბიექტუნარიანობა აქვთ. სს-ის სრულუფლებიან სუბიექტად დღესაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფო (იხ. სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოებისა) გვევლინება. სწორედ სახელმწიფოები ქმნიან და იცავენ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო მართლწესრიგს. შიდასახელმწიფოებრივი სამართლისაგან სს მრავალი თავისებურებით განსხვავდება: ა) ფიზიკური პირი, რომელიც შეიდასახელმწიფოებრივი სამართლის ძირითად სუბიექტად გვევლინება, არ მონაწილეობს საერთაშორისოსამართლებრივ ურთიერთობებში; ბ) სს არეგულირებს მხოლოდ მთავრობათაშორის ურთიერთობებს, ე.ი. ისეთ ურთიერთობებს, რომლებშიც სახელმწიფოები მონაწილეობენ როგორც უზენაესი სუვერენული ხელისუფლების მქონე ერთეულები, სახელმწიფოში მოქმედი სხვა ელემენტები – პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები – მოკლებულნი არიან საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას, რაც არ გამორიცხავს მათ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო არამთავრობათაშორის ურთიერთობებში; გ) სს-ის ნორმებს სახელმწიფოები და სხვა სუბიექტები ურთიერთშეთანხმებით ქმნიან. არ არსებობს ცენტრალიზებული, სახელმწიფოებზე მღლა მდგომი საკანონმდებლო ორგანო; დ) სახელმწიფოები თუ სხვა სუბიექტები იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც თვითონვე დააწესეს და რომელთაგან უმთავრესია შემდეგი: დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია, თავისი ძალებით ან სხვა სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დაიცვას შელახული უფლებები (იხ. საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობა)

თანამედროვე სს-ს ჭეშმარიტად საყოველთაო ხასიათი აქვს, იგი დედამიწის ზურგზე არსებული ყველა კონტინენტის ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მოიცავს, მათი რაოდენობა კი 190-ს უახლოვდება. ეს შესაძლებელი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალისტური და სოციალისტური კოლონიური სისტემების მსხვრევისა და საერთაშორისო მართლწესრიგის დემოკრატიულ საწყისებზე გადაყვანის შედეგად. სს-ის რეგულირების სფეროები დღითიდღე იზრდება, რაც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მზარდი საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ-ახალ სფეროებზე გავრცელებით აიხსნება. მიმდინარეობს ამ სამართლებრივი სისტემის ნორმების მუდმივი კოდიფიკაცია და პროგრესული განვითარება, რაც გამოიხატება არსებული ნორმების შემდგომი დახვეწით, მათი ერთიან სახელშეკრულებო სისტემაში მოქცევით, მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების დონის შესაფერისად თანამედროვე საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი სფეროების მარეგულირებელი ნორმების შექმნით. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს სს-ის დარგების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: დიპლომატიური სამართალი, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, საერთაშორისო კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი; განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის დარგებად ჩამოყალიბდა. საერთაშორისო საჯარო სამართალს განასხვავებენ საერთაშორისო კერძო სამართლისაგან, რომელიც ძირითადად შიდასახელმწიფოებრივი სამართლის იმ ნორმათა ერთობლიობაა, რომლებიც უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების სტატუსს არეგულირებენ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ტერმინი შემოტანილ იქნა 1780 წელს ინგლისელი მეცნიერის ჯერემი ბენთამის მიერ. განარჩევენ საერთაშორისო საჯარო სამართალსა და საერთაშორისო კერძო სამართალს. საერთაშორისო კერძო სამართალი არეგულირებს ინდივიდების უფლებებსა და მოვალეობებს თავისი სახელმწიფოს გარეთ (სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო არენაზე). საერთაშორისო საჯარო სამართალი განისაზღვრება როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის იმ წესების ერთობლიობა, რომლებიც სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა მიერ აღიარებულია იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს. ეს ნორმები თავს იჩენს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და მათ შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. ს.ს-ს ისტორიულად სახელმწიფოები ქმნიდნენ. XX ს-ის მეორე ნახევარში საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს; სახელმწიფოს მაგვარ წარმონაქმნს (მაგ., ვატიკანი 1929 წლიდან). ს.ს-ის სრულუფლებიან სუბიექტად დღესაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფო ითვლება. სწორედ სახელმწიფოები ქმნიან და იცავენ საყოველთაო ს.ს-ში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო მართლწესრიგს. შიდასახელმწიფოებრივი სამართლისაგან ს.ს. (აქ და ქვემოთ ყველგან საერთაშორისო საჯარო სამართალი იგულისხმება) მრავალი თავისებურებით განსხვავდება: ა) ფიზიკური პირი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ძირითადი სუბიექტია, არ მონაწილეობს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში; ბ) ს.ს. არეგულირებს მთავრობათშორის ურთიერთობებს, ე.ი. იმ ურთიერთობებს, რომლებშიც სახელმწიფოები მონაწილეობენ როგორც უზენაესი სუვერენული ხელისუფლების მქონე ერთეულები. სახელმწიფოში მოქმედი სხვა ელემენტები – პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები – მოკლებული არიან საერთაშორისო-სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას, რაც არ გამორიცხავს მათ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო არასამთავრობოთაშორის ურთიერთობებში; გ) ს.ს-ის ნორმებს სახელმწიფოები და სხვა სუბიექტები ურთიერთშეთანხმებით ქმნიან. არ არსებობს ცენტრალიზებული, სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი საკანონმდებლო ორგანო; დ) სახელმწიფოები თუ სხვა სუბიექტები იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც თვითონვე დააწესეს და რომელთაგან უმთავრესია შემდეგი – დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია თავისი ძალებით ან სხვა სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დაიცვას შელახული უფლებები. თანამედროვე ს.ს-ს საყოველთაო ხასიათი აქვს, იგი დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა კონტინენტის ყველა სუვერენულ სახელმწიფოს მოიცავს. ეს შესაძლებელი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალისტური და სოციალისტური კოლონიური სისტემების მსხვრევისა და საერთაშორისო მართლწესრიგის დემოკრატიულ საწყისებზე გადაყვანის შედეგად. ს.ს-ის რეგულაციის სფერო დღითი დღე იზრდება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ს.ს-ის დარგების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: დიპლომატიური და საკონსულო სამართალი, საზღვაო სამართალი, საჰაერო სამართალი, კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი; განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარგებად ჩამოყალიბდა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. international law

საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებითი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს. ბოლო დროს სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ეროვნულ კანონმდებლობასთან შედარებით საერთაშორისო სამართლის პრიორიტეტის ცნობის ტენდენცია.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……