ბრალდებული

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

1.1.  ბრალდებულის  ცნება

დანაშაულის  ფაქტთან  დაკავშირებით  დაწყებული  გამოძიების  შედეგად,  როგორც  წესი,  ადრე  თუ  გვიან  ხდება  ეჭვმიტანილი  პირის  გამოვლენა,  რომელიც  შესაძლებელია  დანაშაულის  პოტენციური  ამსრულებელი  ან  თანამონაწილე  ყოფილიყო.  მაშინაც  კი,  როდესაც  პირის  მიმართ  ეჭვის  ობიექტური  საფუძველი  არსებობს,  ეს  მაინ  არ  აქცევს  მას  ავტომატურად  ბრალდებულად.  იმისათვის,  რომ  დანაშაულში  ეჭვმიტანილს  მიენიჭოს  ,,ბრალდებულის~  პროცესუალური  სტატუსი,  საჭიროა  კანონით  დადგენილი  წესით  მისი  ბრალდებულად  ცნობა.  გარდა  ამისა,  პირს  ბრალდებულის  სტატუსი  მიენიჭება,  თუ  მას  დააკავებენ.

სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსის  მე-3  მუხლის  მე-19  ნაწილში  განმარტებულია  ბრალდებულის  ცნება,  რომლის  თანახმად,  ბრალდებული  არის  პირი,  ვის  მიმართაც  არსებობს  დასაბუთებული  ვარაუდი,  რომ  მან  ჩაიდინა  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსით  გათვალისწინებული  დანაშაული.

განსხვავებით  ძველი  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კანონმდებლობისაგან,  მოქმედმა  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსმა  ჩამოაყალიბა  ბრალდებულის  ერთიანი  დეფინიცია.  პირი  რომლის  მიმართაც  დაწყებულია  სისხლისსამართლებრივი  დევნა  (რომელიც  იწყება  პირის  დაკავებისთანავე  ან  ბრალდებულად  ცნობისთანავე,  იხ.  სსსკ-ის  167-ე  მუხლის  პირველი  ნაწილი),  ბრალდებულად  მოიხსენიება  სისხლის  სამართლის  პროცესის  ყველა  სტადიაზე.  აქამდე  მოქმედი  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსი  დაცვის  მხარეს  ანიჭებდა  სხვადასხვა  პროცესუალურ  სტატუს  სხვადასხვა  საპროცესო  ეტაპზე.  კერძოდ,  თავდაპირველად  ეჭვის  არსებობის  შემთხვევაში  მას  პროცესის  მწარმოებელი  თანამდებობის  პირის  დადგენილებით  ენიჭებოდა  ,,ეჭვმიტანილის~  სტატუსი,  შემდეგ  მას  სცნობდნენ  ,,ბრალდებულად~  და  როდესაც  საქმე  არსებითი  განხილვისათვის  სასამართლოს  გადაეცემოდა,  იგი  ხდებოდა  ,,განსასჯელი~.  დღეს  მოქმედი  კანონმდებლობის  თანახმად,  ,,ბრალდებულის~  ერთიანი  სტატუსი  მოიცავს  როგორც  ,,ეჭვმიტანილის~,  ისე  ,,განსასჯელის~  ფორმალურ  ნიშნებს,  რის  შედეგადაც  დაცვის  მხარე  მთელი  პროცესის  განმავლობაში  გვევლინება  ფართო  უფლებებით  აღჭურვილ  პროცესის  აქტიურ  სუბიექტად.  პირი  აღნიშნული  სტატუსით  და  შესაბამისი  უფლებებით  სარგებლობს  მის  მიმართ  დევნის  დაწყებიდან  პირველი  ინსტანციის  სასამართლოს  განაჩენის  გამოტანამდე.  თუ  სასამართლო  ბრალდებულის  მიმართ  დაადგენს  გამამართლებელ  განაჩენს,  ეწოდება  მას  ,,გამართლებული~.  სასამართლოს  გამამტყუნებელი  განაჩენის  გამოტანის  შემთხვევაში,  იგი  გვევლინება  ,,მსჯავრდებულად~.

1.2.  პირის  ბრალდებულად  ცნობა

როგორც  უკვე  აღინიშნა,  პირი  ითვლება  ბრალდებულად  დაკავების  ან  თუ  იგი  არ  დაუკავებიათ,  ბრალდებულად  ცნობის  მომენტიდან.  მიუხედავად  იმისა,  რომ  დაკავებულ  პირს  კანონმდებელი  ბრალდებულის  უფლებებს  ანიჭებს,  ნებიემიერ  შემთხვევაში  სავალდებულოა  დამატებით  მისი  ბრალდებულის  სტატუსის  პროცესუალური  გაფორმება,  რაც  ,,ბრალდებულად  ცნობის~  გზით  უნდა  მოხდეს.  თუ  დაკავებული  პირი  48  საათის  განმავლობაში  შესაბამისი  პროცედურების  დაცვით  ბრალდებულად  არ  იქნა  ცნობილი,  იგი  დაუყოვნებლივ  უნდა  გათავისუფლდეს.

სსსკ-ის  169-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  შესაბამისად,  პირის  ბრალდებულად  ცნობის  საფუძველია  გამოძიების  სტადიაზე  შეკრებილ  იმ  მტკიცებულებათა  ერთობლიობა,  რომლებიც  საკმარისია  დასაბუთებული  ვარაუდისათვის,  რომ  ამ  პირმა  დანაშაული  ჩაიდინა.  პირის  ბრალდებულად  ცნობა  ხდება  მისთვის  ბრალის  წაყენების  გზით.  თუ  პროკურორი  გადაწყვეტს  პირის  მიმართ  სისხლის  სამართლებრივი  დევნის  დაწყებას,  მან  უდნა  მიიღოს  დადგენილება  პირის  ბრალდების  შესახებ  და  დადგენილების  მიღებიდან  24  საათში  მას  თავად  ან  გამომძიებლის  მეშვეობით  უნდა  წაუყენოს  ბრალი.  ბრალი,  როგორც  წესი  წაეყენება  უშუალოდ  ბრალდებულს,  რომელსაც  გადაეცემა  პროკურორის  დადგენილება  ბრალდების  შესახებ  თანდართული  ბრალდებულის  უფლებებისა  და  მოვალეობების  ნუსხით.  თუ  ბრალდებული  სარგებლობს  ადვოკატის  მომსახურებით,  ამ  უკანასკნელს  უფლება  აქვს  დაესწროს  ბრალის  წაყენების  პროცედურას.  პრაქტიკაში  ხშირია  შემთხვევები,  როდესაც  პირი  დანაშაულის  ჩადენის  შემდეგ  ემალება  სამართალდამცავი  ორგანოების  წარმომადგენლებს  და  თავს  არიდებს  საგამოძიებო  ორგანოში  გამოცხადებას.  იმისათვის,  რომ  მსგავს  შემთხვევებში  გამოძიების  პროცესს  და  მართლმსაჯულების  განხორციელებას  ხელი  არ  შეეშალოს,  კანონი  ითვალისწინებს  ბრალის  წაყენებას  ბრალდებულის  ადვოკატის  მეშვეობით.  ამ  დროს  ბრალდების  მხარე  სთავაზობს  ბრალდებულს  ან  მის  ახლო  ნათესავს  ადვოკატის  აყვანას  და  განუსაზღვრავს  ამისათვის  გონივრულ  ვადას.  თუ  აღნიშნულ  ვადაში  იგი  არ  აიყვანს  ადვოკატს,  მაშინ  ბრალდებულს  სავალდებულო  წესით  დაენიშნება  ადვოკატი,  რომელსაც  შემდგომ  პროკურორი  ან  მისი  დავალებით  გამომძიებელი  გააცნობს  დადგენილებას  ბრალდების  შესახებ,  რაც  ჩაითვლება  ბრალის  წაყენებად.

კანონი  ადგენს  გარკვეულ  შეზღუდვებს  ზოგიერთი  თანამდებობის  პირისათვის  ბრალის  წასაყენებლად.  მაგალითად,  სსსკ-ის  169-ე  მუხლის  მე-7  ნაწილის  თანახმად,  საქართველოს  პარლამენტის  წევრის,  საქართველოს  სახალხო  დამცველის,  საქართველოს  კონტროლის  პალატის  თავმჯდომარის,  საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  წევრის  ბრალდებისათვის  აუცილებელია  საქართველოს  პარლამენტის  თანხმობა.  ასევე,  საქართველოს  საკონსტიტუციო  სასამართლოს  წევრის  ბრალდებისათვის  აუცილებელია  საქართველოს  საკონსტიტუციო  სასამართლოს  პლენუმის  თანხმობა,  ხოლო  საქართველოს  სხვა  საერთო  სასამართლოს  მოსამართლის  ბრალდებისათვის  აუცილებელია  საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  თავმჯდომარის  თანხმობა.

ვინაიდან,  ბრალდებულად  ცნობის  შემდეგ  პროცესის  მწარმოებელი  პირის  გადაწყვეტილებით  პირს  შეიძლება  შეეზღუდოს  ცალკეული  კონსტიტუციური  უფლებებით  სარგებლობის  შესაძლებლობები  და  ამით  მის  ინტერესებს  მიადგეს  არსებითი  ზიანი,  კანონი  ზუსტად  განსაზღვრავს  პირის  ბრალდებულად  ცნობის  ვადებს,  რომლის  გასვლის  შემდეგაც  ან  საქმე  განხილვისათვის  უნდა  გადაეცეს  სასამართლოს  ან  სისხლისსამართლებრივი  დევნა  შეწყდეს  პირის  მიმართ.  თუ  პირის  მიმართ  შეწყდა  სისხლისსამართლებრივი  დევნა,  დაუშვებელია  მომავალში  მისთვის  იმავე  ბრალის  წაყენება.  სსსკ-ის  169-ე  მუხლის  შესაბამისად,  დანაშაულის  ერთი  შემთხვევის  გამო  წინასასამართლო  სხდომის  დაწყებამდე  პირი  ბრალდებულად  შეიძლება  ცნობილი  იყოს  არა  უმეტეს  9  თვისა,  თუ  ამ  ვადის  გასვლამდე  მისთვის  დანაშაულის  სხვა  შემთხვევის  გამო  არ  წაუყენებიათ  ახალი  ბრალი.  ახალი  ბრალის  წაყენებისას  ვადის  დინება  წყდება  და  ვადა  აითვლება  ახალი  ბრალის  წაყენების  დღიდან.  მაგალითად,  პირს  ბრალი  ჰქონდა  წაყენებული  ყაჩაღობისათვის,  მაგრამ,  ყაჩაღობისთვის  ბრალის  წაყენებიდან  4  თვის  შემდეგ  გამოძიებამ  დაადგინა,  რომ  აღნიშნულ  დანაშაულთან  ერთად  მას  სავარაუდოდ  მკვლელობაც  ჰქონდა  ჩადენილი.  ასეთ  შემთხვევაში  პირს  მკვლელობისთვისაც  წაეყენება  ბრალი  და  ვადის  ათვლა  დაიწყება  თავიდან.

1.3.  ბრალდებულის  სამართლებრივი  მდგომარეობა

ბრალდებული  წარმოადგენს  სისხლის  სამართლის  პროცესის  ცენტრალურ  ფიგურას,  რადგან  სისხლისსამართლებრივი  დევნა  მის  მიმართ  წარმოებს  და  ამის  შედეგად  პროცესის  სხვა  მონაწილეებთან  შედარებით  ყველაზე  დიდი  ზიანი  მის  ინტერესებს  ადგება.  შესაბამისად,  იგი  ყველაზე  მეტი  პროცესუალური  გარანტიებით  სარგებლობს  და  განსაკუთრებულ  ადგილს  იკავებს  სისხლის  სამართლის  პროცესში.

როგორც  ზემოთ  აღინიშნა,  დაუშვებელია  სამართლებრივ  სახელმწიფოში  ბრალდებული  იყოს  მხოლოდ  სახელმწიფო  იძულების  ობიექტი.  იგი  სახელმწიფო  იძულების  ობიექტია,  რადგან  მან  უნდა  ითმინოს  მთელი  რიგი  საპროცესო  იძულების  ღონისძიებები  საკუთარი  ნებისა  და  სურვილის  გარეშე  (მაგალითად,  წინასწარი  პატიმრობა,  სხეულიდან  ნიმუშის  აღება  და  ა.შ.).  სამართლიანი  პროცესის  პრინციპის  არსი  სწორედ  იმაში  მდგომარეობს,  რომ  ბრალდებულს,  როგორც  პროცესის  აქტიურ  სუბიექტს  უნდა  გააჩნდეს  თავისი  კონსტიტუციური  უფლებებისა  და  ინტერესების  დასაცავად  ფართო  შესაძლებლობები,  რათა  ზემოქმედება  მოახდინოს  პროცესის  მინდინარეობასა  და  მის  შედეგებზე.  იგი  არ  წარმოადგენს  ბრალდების  პასიურ  სამიზნეს.  აქედან  გამომდინარე,  საქართველოს  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კანონმდებლობა,  რომელიც  ეფუძნება  სამართლიანი  პროცესის  პრინციპს,  აღიარებს  ბრალდებულს  სამართალწარმოების  აქტიურ  მონაწილედ  და  ანიჭებს  მას  შესაბამის  უფლებებს.  კანონმდებელმა  ბრალდებულის  ძირითად  უფლებებს  თავი  მოუყარა  სსსკ-ის  38-ე  და  39-ე  მუხლებში,  რომლის  შესახებ  ქვემოთ  იქნება  საუბარი.

1.3.1.  თვითინკრიმინაციისგან  დაცვის  პრივილეგია

სამართლებრივი  სახელმწიფოს  პრინციპიდან  გამომდინარე  უფლებებს  შორის  უმნიშვნელოვანესია  პირის  უფლება,  სისხლის  სამართლის  საქმის  წარმოების  დროს  არ  გამოვიდეს  მოწმედ  საკუთარი  თავის  წინააღმდეგ.  შესაბამისად,  დაუშვებელია  ბრალდებულის  ყოველგვარი  იძულება,  რათა  მან  სისხლისსამართლებრივი  დევნისას  აქტიურად  ითანამშრომლოს  გამოძიების  ორგანოებთან  საკუთარი  თავის  საზიანოდ.  აღნიშნული  დებულება  პროცესუალურ  ლიტერატურაში  ცნობილია  nemo  tenetur  se  ipsum  accusare-ს  პრინციპის  სახელით.  nemo  tenetur  se  ipsum  accusare  ლათინური  ტერმინია  და  ქართულად  ნიშნავს  ,,არავინ  არ  არის  ვალდებული,  დაიბრალოს  დანაშაული~.  ისტორიულად  ეს  პრინციპი  თავდაპირველად  ინგლისსში  მე-17  საუკუნეში  განვითარდა  და  მოგვიანებით  სხვა  სახელმწიფოთა  სისხლის  საპროცესო  სამართალშიც  გავრცელდა.  მას  თავდაპირველად  ჰქონდა  ის  დატვირთვა,  რომ  პირი  თავისუფლდებოდა  ჩვენების  მიცემის  ვალდებულებისაგან,  ვიდრე  მისი  ბრალდების  საკითხს  დიდი  ჟიური  არ  განიხილავდა.  მოგვიანებით  მან  შეიძინა  კიდევ  უფრო  ფართო  მნიშვნელობა  და  პირს  მიენიჭა  თვითინკრიმინაციისგან  დაცვის  პრივილეგია  (privilege  against  self-incrimination),  რაც  თანამედროვე  სისხლის  სამართლის  პროცესში  გულისხმობს  ადამიანის  უფლებას,  არ  აიძულონ  საკუთარი  თავის  ბრალეულად  აღიარება  და  დაცული  იყოს  ჩვენების  მიცემასთან  დაკავშირებული  ნებისმიერი  ზეწოლისაგან.  თვითინკრიმინაციისაგან  დაცვის  პრივილეგიას  აღიარებს  აგრეთვე  საქართველოს  მოქმედი  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსი,  რომლის  მე-15  მუხლში  იგი  პრინციპის  სახით  არის  ასახული.  ამ  მუხლის  თანახმად,  არავინ  არ  არის  ვალდებული,  ჩვენება  მისცეს  საკუთარი  თავის  ან  სხვა  პირთა  წინააღმდეგ,  რომელთა  წრეც  განისაზღვრება  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსით.  პირს  დაკავების  მომენტში  ან,  თუ  მისი  დაკავება  არ  ხდება,  –  ბრალდებულად  ცნობისთანავე,  დაუყოვნებლივ,  ასევე  ნებისმიერი  დაკითხვის  წინ  ბრალდებულს  სხვა  უფლებებთან  ერთად  უნდა  ეცნობოს,  რომ  მას  აქვს  დუმილისა  და  კითხვებზე  პასუხის  გაცემისაგან  თავის  შეკავების  უფლება  და  ასევე  უფლება,  არ  დაიბრალოს  დანაშაული.  თუ  ბრალდებული  სარგებლობს  დუმილის  უფლებით  და  უარს  იტყვის  ჩვენების  ან  განმარტებების  მიცემაზე,  აღნიშნული  არ  შეიძლება  შეფასდეს  მის  საუარესოდ  და  გამოყენებულ  იქნეს  ბრალეულობის  დამადასტურებელ  მტკიცებულებად.  მაშინაც  კი,  როდესაც  ბრალდებული  არ  სარგებლობს  დუმილის  უფლებით  მას  არ  გააჩნია  ვალდებულება,  ილაპარაკოს  სიმართლე.  თვითინკრიმინაციისაგან  დაცვის  უფლება  მაშასადამე,  გამორიცხავს  ბრალდებულის  პასუხისმგებლობას  ცრუ  ჩვენების  მიცემისთვისაც.

1.3.2.  ადვოკატის  ყოლის  უფლება

საქართველოს  კონსტიტუციის  42-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის  შესაბამისად,  დავის  უფლება  გარანტირებულია.  დაცვის  უფლების  გარანტიას  ადგენს  ასევე  ადამიანის  უფლებათა  ევროპული  კონვენციის  მე-6  მუხლის  მე-3  პუნქტის  ,,გ~  ქვეპუნქტი.  შესაბამისად,  ბრალდებულს,  როგორც  პროცესის  აქტიურ  სუბიექტს  უნდა  გააჩნდეს  შესაძლებლობა,  ჯეროვნად  და  ეფექტურად  დაიცვას  თავი  წარდგენილი  ბრალდებებისგან.  ვინაიდან,  ხშირ  შემთხვევებში,  ბრალდებული  კვალიფიციური  იურისტის  დახმარების  გარეშე  მოკლებულია  დაცვის  სათანადოდ  განხორცელებისა  და  საპროცესო  უფლებებით  სარგებლობის  შესაძლებლობას,  კანონი  მას  ანიჭებს  ადვოკატის  ყოლის  უფლებას.

დაცვის  უფლების  კონსტიტუციური  გარანტია  კონკრეტიზირებულია  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსის  სხვადასხვა  ნორმებში.  სსსკ-ის  38-ე  მუხლის  მე-5  პუნქტის  მიხედვით,  ბრალდებულს  აქვს  ადვოკატის  არჩევისა  და  ყოლის,  ასევე  მის  მიერ  არჩეული  ადვოკატის  ნებისმიერ  დროს  შეცვლის  უფლება,  ხოლო  თუ  ის  უქონელია  –  უფლება,  დაენიშნოს  ადვოკატი  სახელმწიფოს  ხარჯზე.

ადვოკატის  ყოლა  ბრალდებულის  უფლებაა  და  არა  ვალდებულება.  მას  ადვოკატის  მომსახურების  გარეშეც  შეუძლია  დამოუკიდებლად  განახორციელოს  თავისი  ინტერესების  დაცვა,  რისთვისაც  ბრალდებულს  უნდა  მიეცეს  საკმარისი  დრო  და  საშუალება.  აქედან  გამონაკლის  წარმოადგენს  ე.წ.  სავალდებულო  დაცვის  შემთხვევა,  როდესაც  ბრალდებულს  უფლება  არ  აქვს  უარი  თქვას  ადვოკატის  მომსახურეობაზე.

აღსანიშნავია,  რომ  ბრალდებულის  დაცვის  უფლება  მოქმედებს  სისხლისსამართალწარმოების  ყველა  ეტაპზე.  თუმცა,  ამ  უფლებით  სარგებლობა  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  გამოძიების  ეტაპზე,  სადაც  ადვოკატი  დიდ  როლს  თამაშობს  მტკიცებულებების  მოპოვებასა  და  სასამართლო  განხილვისათვის  მომზადებაში.  შეჯიბრებითი  პროცესის  პირობებში  გამოძიების  ეტაპზე  შეკრებილ  მტკიცებულებებს  აქვს  სასამართლოს  გადაწყვეტილებისთვის  გადამწყვეტი  მნიშვნელობა,  რადგან  მოსამართლე  დამოუკიდებლად  არ  ატარებს  სასამართლო  გამოძიებას  და  ეყრდნობა  მხარეთა  მიერ  წარმოდგენილ  და  გამოკვლეულ  მტკიცებულებებს.  ამიტომ,  სისხლისსამართლებრივი  დევნის  დაწყებისთანავე  (დაკავების  მომენტში,  ან  თუ  დაკავება  არ  ხდება,  –  ბრალდებულად  ცნობისთანავე),  ასევე  ნებისმიერი  დაკითხვის  წინ  ბრალდებულს  დაუყოვნებლივ  უნდა  ეცნობის  ადვოკატის  ყოლის  უფლება.

1.3.3.  ბრალდების  შესახებ  ინფორმირებისა  და  საქმის  მასალების  გაცნობის  უფლება

ადამიანის  უფლებათა  ევროპული  კონვენციის  მე-5  მუხლის  მე-2  პუნქტის  მიხედვით,  ყველა  დაკავებულ  პირს  დაუყოვნებლივ  უნდა  ეცნობოს  დაკავების  მიზეზების,  მათ  შორის  ,,მისთვის  წარდგენილი  ნებისმიერი  ბრალდების~  შესახებ.  ასევე,  მე-6  მუხლის  მე-3  პუნქტის  ,,ა~  ქვეპუნქტი  ყველას,  ვისაც  ბრალად  ედება  სისხლის  სამართლის  დანაშაულის  ჩადენა,  ანიჭებს  უფლებას  მისთვის  გასაგებ  ენაზე  დაუყოვნებლივ  და  დაწვრილებით  ეცნობოს  წარდგენილი  ბრალდების  არსი  და  საფუძველი.  ბრალდებულს  სამართალწარმოების  ადრეულ  ეტაპზევე  უნდა  ეცნობოს  მის  წინააღმდეგ  არსებული  ბრალდების  შესახებ,  რათა  მან  ეფექტიანად  შეძლოს  სასამართლოში  თავის  დაცვა.

სსსკ-ის  38-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  თანახმად,  პირს  დაკავების  მომენტში  ან,  თუ  დაკავება  არ  ხდება,  –  ბრალდებულად  ცნობისთანავე,  დაუყოვნებლივ,  ასევე  ნებისმიერი  დაკითხვის  წინ  მისთვის  გასაგებ  ენაზე  უნდა  ეცნობოს,  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსით  გათვალისწინებული  რომელი  დანაშაულის  ჩადენაში  არსებობს  მის  მიმართ  დასაბუთებული  ვარაუდი.  ამასთან  ერთად,  მას  უნდა  გადაეცეს  დაკავების  ოქმის  ან,  თუ  ის  არ  დაუკავებიათ,  –  ბრალდების  შესახებ  დადგენილების  ასლი.  დაკავების  მომენტში  პირის  აღნიშნულის  თაობაზე  ინფორმირებას  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს,  რადგან  ამით  დაკავებულს  საშუალება  ეძლევა,  გაასაჩივროს  დაკავების  საფუძვლიანობა  და  კანონიერება.  როგორც  წესი,  დაკავებისას  პირს  ზეპირად  ატყობინებენ  ბრალდების  შესახებ  და  შემდგომ  გადასცემენ  დაკავების  ოქმსაც,  სადაც  სისხლის  სამართლთლის  კოდექსით  გათვალისწინებული  დანაშაულია  მითითებული,  რომლის  ჩადენაშიც  არის  იგი  ბრალდებული.

ბრალდების  შესახებ  ინფორმირების  უფლება  წარმოადგენს  უნივერსალურ  უფლებას  და  იგი  მოქმედებს  როგორც  მძიმე  და  განსაკუთრებით  მძიმე  დანაშაულის  ჩადენაში  ბრალდებული  პირის  სისხლისსამართლებრივი  დევნის  დროს,  ისე  ნაკლებად  მძიმე  დანაშაულის  ჩადენის  შემთხვევებში.

იმისათვის,  რომ  ბრალდებულმა  წარდგენილი  ბრალდებისაგან  სათანადოდ  დაიცვას  თავი,  ზემოაღნიშნულის  გარდა,  პროცესის  მწარმოებელი  თანამდებობის  პირი  ვალდებულია,  გააცნოს  დაცვის  მხარეს  საქმის  მასალები,  მათ  შორის  ბრალდების  მტკიცებულებები.  საქმის  მასალების  გაცნობის  და  მათი  ასლების  მიღების  უფლება  გააჩნია,  როგორც  ბრალდებულს,  ისე  მის  ადვოკატს.  სისხლის  სამართლის  პროცესში  ადვოკატის  გარეშე  მონეწილეობა  ბრალდებულს  არ  უზღუდავს  აღნიშნული  უფლებით  სარგებლობას.

1.3.4.  მტკიცებულებების  მოპოვების  უფლება

როგორც  ზემოთ  აღინიშნა,  თანამედროვე  ქართულ  სისხლის  სამართლის  საპროცესო  სამართლალში  პროცესის  შეჯიბრებითობა  და  თანასწორობა  გარანტირებულია  სისხლისსამართალწარმოების  ყველა  სტადიაზე.  სისხლისსამართლებრივი  დევნის  დაწყებისთანავე  ბრალდებული  უფლებამოსილია  ჩაატაროს  ალტერნატიული  საგამოძიებო  მოქმედებები  და  თავის  სასარგებლოდ  მოიპოვოს  მტკიცებულებები.  ბრალდებული  აღნიშნული  უფლების  რეალიზაციას  ახდენს  პირადად  ან  ადვოკატის  დახმარებით,  მხარეები  საგამოძიებო  მოქმედებების  ჩატარებისას  სარგებლობენ  თანაბარი  პროცესუალური  უფლებებით.  კანონი  ბრალდებულის  მიერ  მოპოვებულ  მტკიცებულებას  ბრალდების  მხარის  მიერ  მოპოვებული  მტკიცებულების  თანაბარ  იურიდიული  ძალას  ანიჭებს.  იმისათვის,  რომ  გამოძიების  ეტაპზე  შეჯიბრებითობისა  და  თანასწორობის  პრინციპი  იყოს  უზრუნველყოფილი,  მოსამართლე  ვალდებულია  დახმარება  აღმოუჩინოს  დაცვის  მხარეს  მტკიცებულებების  გამოთხოვასა  და  საგამოძიებო  მოქმედებების  ჩატარებაში.  თუ  მტკიცებულების  მოპოვებისათვის  საჭიროა  ისეთი  საგამოძიებო  ან  სხვა  საპროცესო  მოქმედების  ჩატარება,  რომელსაც  ბრალდებული  ან  მისი  ადვოკატი  დამოუკიდებლად  ვერ  ატარებს,  იგი  უფლებამოსილია  შესაბამისი  განჩინების  გამოტანის  შუამდგომლობით  მიმართოს  მოსამართლეს  გამოძიების  ადგილის  მიხედვით.  შუამდგომლობის  დაკმაყოფილების  შემთხვევაში  შესაბამის  მოქმედებას  ატარებენ  სამართალდამცავი  ორგანოები,  ხოლო  მოსამართლე  ვალდებულია  მიიღოს  ყველა  ზომა,  რათა  ბრალდების  მხარისათვის  ცნობილი  არ  გახდეს  დაცვის  მხარის  მიერ  მტკიცებულების  მოპოვება.

1.3.5.  საქმის  გამოძიებასა  და  სასამართლო  განხილვაში  მონაწილეობის  მიღების  უფლება

გარდა  ზემოაღნიშნულისა,  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კანონმდებლობა  ბრალდებულს,  როგორც  პროცესის  აქტიურ  სუბიექტს  ანიჭებს  უფლებას,  მიიღოს  მონაწილეობა  საგამოძიებო  და  სასამართლო  მოქმედებებში.  გამოძიების  ეტაპზე  ბრალდებული  უფლებამოსილია  მოითხოვოს  დაცვის  მხარის  შუამდგომლობით  ჩატარებულ  საგამოძიებო  მოქმედებებში  მონაწილეობის  მიღება.  დაცვის  მხარეს  მონაწილეობის  მიღების  შესაძლებლობა  აქვს  ასევე  ბრალდების  მხარის  შუამდგომლობით  განხორციელებულ  ცალკეულ  საპროცესო  მოქმედებებში,  მაგალითად,  გამოძიების  დროს  ბრალდების  მხარის  შუამდგომლობის  საფუძველზე  მაგისტრატი  მოსამართლის  მიერ  მოწმის  დაკითხვისას.  სისხლის  სამართლის  საქმის  სასამართლო  განხილვის  დროს  ბრალდების  მხარის  მონაწილეობა  სავალდებულოა.  ბრალდებულს  არ  უნდა  შეეზღუდოს  სასამართლოში  მისი  ბრალდების  საქმის  განხილვის  დროს  მონაწილეობის  შესაძლებლობა.

ბრალდებულს,  რომელიც  მონაწილეობს  საგამოძიებო  და  სასამართლო  მოქმედებებში,  უფლება  აქვს  აქტიურად  ჩაერთოს  მათ  მიმდინარეობაში.  დაცვის  უფლებათა  უზრუნველსაყოფად  ბრალდებულს  კანონი  აძლევს  შესაძლებლობას,  დააყენოს  შუამდგომლობები  პროცესის  მწარმოებელ  პირებთან  და  განუცხადოს  მათ  აცილება,  გამოიკვლიოს  დაცვის  მხარის  მტკიცებულებები  იმავე  პირობებში,  როგორც  ბრალდების  მხარის  მტკიცებულებათა  გამოკვლევა  ხდება,  დაუსვავს  შეკითხვები  პროცესის  მონაწილეებს  და  გამოთქვას  თავისი  აზრი  ცალკეულ  გარემოებებთან  დაკავშირებით  და  სხვა.  ყოველივე  აღნიშნული  პროცესის  შეჯიბრებითობის  უზრუნველყოფასა  და  მხარეთა  თანასწორუფლებიანობის  პრინციპის  ემსახურება[25].

1.3.6.  გასაჩივრების  უფლება

იმისათვის,  რომ  ბრალდებული  დაცული  იყოს  პროცესი  მწარმოებელი  პირების  თვითნებობისაგან  და  თავიდან  იქნეს  აცილებული  ამ  უკანასკნელთა  შეცდომები,  მას  კანონი  ანიჭებს  უფლებას  გაასაჩივროს  გამომძიებლის,  პროკურორისა  და  სასამართლოს  მოქმედებები  და  გადაწყვეტილებები.

ბრალდებული  გამოძიების  ეტაპზე  გამომძიებლის  მოქმედებებს  ასაჩივრებს  პროკურორთან,  პროკურორისას  კი  –  ზემდგომ  პროკურორთან  ან  სასამართლოში.  რაც  შეეხება  მაგისტრატი  მოსამართლის  გადაწყვეტილებას,  იგი  ასაჩივრებს  ზემდგომი  ინსტანციის  სასამართლოში.

საქმის  არსებითი  განხილვის  შემდეგ  მსჯავრდებულს  უფლება  აქვს  გაასაჩივროს  სასამართლოს  გამამტყუნებელი  განაჩენი  როგორც  სააპელაციო,  ისე  საკასაციო  წესით.

ამასთან  ერთად,  ბრალდებული  (მსჯავრდებული)  უფლებამოსილია,  გაეცნოს  ბრალდების  მხარის  მიერ  შეტანილ  საჩივარს  და  მასზე  გამოთქვას  მოსაზრება.

1.3.6.  ბრალდებულის  მოვალეობები

როგორც  უკვე  აღინიშნა,  ბრალდებული  არ  არის  ვალდებული  აქტიურად  ითანამშრომლოს  გამოძიების  ორგანოებთან  სისხლის  სამართლის  საქმისათვის  მნიშვნელოვანი  გარემოებების  დასადგენად,  თუმცა  მან  გამოძიებისა  და  მართლმსაჯულების  ინტერესებიდან  გამომდინარე,  უნდა  ითმინოს  მის  მიმართ  განხორციელებული  მთელი  რიგი  საპროცესო  იძულებისა  და  აღკვეთის  ღონისძიებანი.  მაგალითად,  მან  უნდა  ითმინოს  მის  მიმართ  გამოყენებული  პატიმრობა;  მან  არ  უნდა  შეუშალოს  ხელი  მის  წარდგენას  ამოსაცნობად  და  ა.  შ.  გარდა  ამისა,  მან  ხელი  არ  უნდა  შეუშალოს  გამოძიებას  მოწმეებზე  და  პროცესის  სხვა  მონაწილეებზე  ზემოქმედების  განხორციელების  გზით.  ცრუ  ჩვენების  მიცემაზე  მოწმის  დაყოლიებისთვის,  მტკიცებულებების  გაყალბების  ან  განადგურებისათვის  მას  დამატებით  დაეკისრება  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობა.

ავტ.:  გ.თუმანიშვილი