მართლწინააღდეგობის გამომრიცხველი გარემოებები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

მართლწინააღდეგობა,  მარტივად  რომ  ავხსნათ,  ნიშნავს  იმ  ნორმების  დარღვევას,  რომლებიც  კანონშია  გათვალისწინებული.  მართლწინააღდეგობა  დანაშაულის  ერთ-ერთი  ელემენტია  და  დანაშაული  მის  გარეშე  არ  არსებობს.  თუმცა,  არის  შემთხვევები,  როდესაც  ქმედება  მართლსაწინააღმდეგოა,  მაგრამ  “დამნაშავის”  პასუხისმგებლობა  არ  დგება,  რადგან  იგი  მოქმდებედა  ისეთ  გარემოებაში,  რომელიც  გამორიცხავს  მართლწინააღდეგობას.  მართლწინააღდეგობის  გამომრიცხველი  გარემოებებია:  აუცილებელი  მოგერიება,  უკიდურესი  აუცილებლობა,  დამნაშავის  შეპყრობა,  მართლზომიერი  რისკი  და  მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი  ზეკანონური  გარემოებები.

აუცილებელიმოგერიება
____________________________

აუცილებელი  მოგერიების  დროს  პირი  აზიანებს  ხელმყოფს,  რომელმაც  მართლსაწინააღმდეგო  თავდასხმა  განახორციელა  სამართლებრივი  სიკეთის  დაზიანების  მიზნით.  თავდაცვის  მიზანია  მომგერიებლის  ან  სხვა  პირის  სამართლებრივი  სიკეთის  დაცვა.  მომგერიელებელს  უფლება  აქვს  დააზიანოს  ხელმყოფი  იმის  მიუხედავად,  შეუძლია  თუ  არა  მას  სხვაგვარად  აიცილოს  ხელყოფა.  აუცილებელი  მოგერიება  ორი  სახისაა:  აუცილებელი  თვითდაცვა  და  აუცილებელი  დახმარება.  აუცილებელი  მოგერიება  შედგება  3  ნიშნისგან:  უკიდურესი  მდგომარეობა,  უკიდურესობით  გამოწვეული  მოქმედება  და  თავდაცვის  სურვილი.ზოგჯერ  არსებობს  მეოთხე  პირობაც,  რომელიც  მდგომარეობს  სოციალურ–ეთიკურ  შეზღუდვაში(მაგ:  ბაღში  ვაშლის  მოპარვა)  აუცილებელი  მოგერიების  პირველი  ნიშანია:  უკიდურესი  მდგომარეობა,  რომელიც  3  კომპონენტისგან  შედგება:  1)სამართლებრივი  სიკეთის  ხელყოფა;
2)ხელყოფის  იმწუთიერება;
3)ხელყოფის  მართლწინააღმდეგობა,  რაც  გულისხმობს  ხელყოფის  რეალურ(ობიექტურ)  ხასიათს.  განვიხილოთ  ცალ–ცალკე:

1)აუცილებელი  მოგერიების  დროს  ყოველთვის  სახეზეა  სამართლებრივად  დაცული  სიკეთის  ან  ინტერესის  ხელყოფა,  რომელიც  ადამიანის  აქტიური  ან  პასიური  ქცევით–მოქმედებით  ან  უმოქმედობით  არის  გამოწვეული.  შესაძლებელია  ასევე  აუცილებელი  მოგერიება  გაუფრთხილებელი  ხელყოფის  წინააღმდეგ.    უვარგისი  მცდელობა  არ  წარმოადგენს  ხელყოფას  და  არ  წარმოშობს  აუცილებელი  მოგერიების  უფლებას,  რადგან  სამართლებრივ  სიკეთეს  ხელყოფა  ობიექტურად  არ  ემუქრება.  შესაძლებელია  ასევე,  რომ  ხელყოფა  არ  წარმოადგენდეს  დასჯად  ქმედებას  ,  მაგრამ  მისი  მოგერიება  მაინც  ჩაითვალოს  აუცილებელ  მოგერიებად.

2)ხელყოფა  უნდა  იყოს  იმწუთიერი,  ანუ  დაწყების  პროცესში,  უკვე  დაწყებული  ან  ჯერ  კიდევ  მიმდინარე.  ხელყოფა  ასევე  წარმოადგენს  იმწუთიერს  მისი  განგრძობადობის  დროს,  თუ  არსებობს  დაზიანების  მიმყენებელი  ქმედების  კვლავ  განმეორების  საშიშროება.  3)ხელყოფა  ასევე  უნდა  იყოს  მართლსაწინააღმდეგო,  რომელიც  გულისმხობს,  რომ  იგი  ეწინააღმდეგება  კულტურის  ნორმებით  დადგენილ  მართლწესრიგს.  იგი  უნდა  იყოს  ობიექტური,  ანუ  რეალური  და  არა  მარტო  მომგერიებლის  გონებაში  წარმოსახული.  აუცილებელი  მოგერიების  მეორე  ნიშანი:  უკიდურესობით  გამოწვეული  მოქმედება:  გულისმხობს  რომ  იგი  უნდა  იყოს  აუცილებელი  თავდაცვითი  ქმედება,  რომელიც  წარმოადგენს  შედარებით  მსუბუქ  თავდაცვით  საშუალებას.  არ  შეიძლება  ადამიანს  სიცოცხლე  მოუსპო  ან  მძიმე  დაზიანება  მიაყენო,  როცა  შესაძლებელია  თავდაცვის  განხორციელება  შედარებით  ნაკლები  ზიანის  მიყენების  გზით.  აუცილებელი  თავდაცვითი  მოქმედება  2  კრიტერიუმით  განისაზღვრება:
–დაცვის  საშუალება  უნდა  იყოს  მოწოდებული  ხელყოფა  აღკვეთოს  მყისიერად  და  შეძლებისდაგვარად  საბოლოოდ  ანდა  მინიმუმ  შეასუსტოს.
–თავდამცველი  უფლებამოსილია  აირჩიოს  დაცვის  ეფექტური  საშუალება,  ე.ი  მისთვის  ყველაზე  ნაკლებად  საშიში  საშუალება.

აუცილებელი  მოგერიების  დროს  უკიდურესობით  გამოწვეული  მოქმედება  არ  შეიძლება  მიმართული  იყოს  მესამე  პირის  წინააღმდეგ,  რომელიც  არ  წარმოადგენს  საფრთხის  უშუალო  წყაროს.  მესამე  ეტაპად  დგინდება  აუცილებელი  მოგერიების  სუბიექტური  ელემენტის  არსებობა,  კერძოდ  აუცილებელი  მოგერიების  გარემოებების  ცოდნა  და  თავისი  ან  სხვისი  სამართლებრივი  სიკეთის  დაცვის  სურვილი.  აუცილებელი  მოგერიების  სუბიექტურ  მხარესთან  დაკავშირებით  არსებობს  3  შეხედულება:
–პირველი  მნიშვნელოვნად  არ  მიიჩნევს  გამართლების  სუბიექტური  ელემენტის  არსებობას
–მეორე  საკმარისად  მიიჩნევს  აუცილებელი  მოგერიების  სიტუაციის  ცოდნას.
–მესამე  კი  პრინციპულად  მოითხოვს  მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი  გარემოების  ორივე  ელემენტის(ცოდნისა  და  სირვილის)  არსებობას.

მაშასადამე  აუცილებელი  მოგერიების  მართლზომიერების  პირობებია:
1)ხელყოფა  უნდა  იყოს  მართლსაწინააღმდეგო,  ანუ  რეალური;
2)ხელყოფა  უნდა  იყოს  იმწუთიერი;
3)ხელყოფა  უნდა  იყოს  რელევანტური,  ანუ  სოციალურად  მნიშნელოვანი;
4)ხელყოფა  უნდა  იყოს  სუბიექტურად  სამართლებრივი  სიკეთის  დაცვის  სურვილით  განხორციელებული.

დამნაშავისშეპყრობა
_____________________________

მართლსაწინააღმდეგოდ  არ  მოქმედებს  ის,  ვინც  შეიპყრობს  დამნაშავეს,  ამისთვის  აუცილებელი  ზომის  გადაუცილებლად.  ზომის  გადაცილება  ნიშნავს  ამ  ზომის  აშკარა  შეუსაბამობას  შესაპყრობი  პირის  მიერ  ჩადენილი  დანაშაულის  სიმძიმესთან  და  სხვა  გარემოებებთან.  დამნაშავის  შეპყრობის  ისევე  როგორც  დაკავების  უფლება  აქვს  არა  მარტო  პოლიციელს  ან  სხვა  უფლებამოსულ  თანამშრომელს,  არამედ  ნებისმიერ  ფიზიკურ  პირს.

დამნაშავის  მართლზომიერი  შეპყრობის  დროს  ნებადართულია  მისი  თავისუფლების  აღკვეთა,  იძულება,  სხეულებრივი  დაზიანებები  და  ა.შ  დამნაშავის  შეპყრობა  როგორც  მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი  გარემოება  მოითხოვს,  რომ    პირის  დაკავების  მართლზომიერებისთვის  აუცილებელია,  მას  რეალურად  ჩადენილი  ჰქონდეს  მართლსაწინააღმდეგო  ქმედება.  თუ  ისეთი  სისხლისსამართლებრივი  უმართლობა  იყო  განხორციელებული,  რომ  შესაძლებელია  მე-7  მუხლის  მეორე  ნაწილის  გამოყენება,  ან  თუ  შეპყრობილ  პირს  ამნისტია  შეეფარდა,  ან  შეწყალებულია,  ან  გასულია  მის  მიერ  ჩადენილი  სისხლისსმარათლებრივი  დევნის  ხანდაზმულობის  ვადა,  ადამიანის  შეპყრობა  ისევე  უნდა  გადაწყდეს  როგორც  „მოჩვენებითი  დამნაშავის“  შეპყრობა  და  ფაქტობრივი  შეცდომის  გამო  პირის  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობის  საკითხი  უნდა  გადაწყდეს  ბრალთან  მიმართებით.  გადაცილებული  არ  უნდა  იყოს  დამნაშავის  შესაპყრობად  აუცილებელი  ზომა.
ზომა  გადაცილებულად  ჩაითვლება  თუ  იგი  აშკარად  შეუსაბამო  იყო  დანაშაულის  სიმძიმესა  და  შეპყრობის  გარემოებებთან.  ამ  დროს  დანაშაულის  სიმძიმესტან  გათვალისწინებული  უნდა  იყოს  დანაშაულის  განხორციელების  დრო,  ადგილი,  რაოდენობა,  დამნაშავის  პიროვნება,  ფიზიკური  მონაცემები  და  ა.შ  დამნაშავის  შეპყრობის  მართლზომიერების  ფარგლები:  იგი  შეიძლება  განხორციელდეს  ნებისმიერი  დასჯადი  ქმედების  მიმართ.  როგორც  პოლიციელსა  და  სხვა  უფლებამოსილების  მქონე  პირს,  ისე  ნებისმიერ  ფიზიკურ  პირს  უფლება  აქვს  ადამიანი  დააკავოს  მხოლოდ  ერთი  საფუძვლით,  კერძოდ  ცხელ  კვალზე,  თუ  დანაშაულზე  წაასწრებს.  არის  სხვა  მართლზომიერი  საფუძვლები:

შეპყრობა  განხორციელებული  უნდა  იქნეს  პირის  დანაშაულებრივი  საქმიანობის  აღკვეთის,  გაქცევის,  დამალვის  ან  მტკიცებულებათა  მოსპობის  თავიდან  აცილების  მიზნით.  დამნაშავის  შესაპყრობად  უნდა  გამოყენებულ  იქნას  ისეთი  საშუალება,  რომელიც  არ  წარმოადგენს  აუცილებელი  ზომის  გადაცილებას.  უნდა  არსებობდეს  გამართლების  სუბიექტური  ელემენტი,  რაც  მდგომარეობს  შეპყრობის  გარემოებების  ცოდნასა  და  დაკავების  სურვილში.

ცნობილია,  რომ  არაპირდაპირი  განზრახვით  ან  გაუფრთხილებლობით  ჩადენილი  დანაშაული  შედეგის  დადგომამდე  დანაშაულად  არ  ითვლება,  ამიტომ  დამნაშავის  შეპყრობის  უფლება,  ასეთ  შემთხვევებში,  დანაშაულებრივი  შედეგის  დადგომამდე  არ  წარმოიშობა.  თუკი  დანაშაული  პირდაპირი  განზრახვით  ხორციელდება,  როდესაც  მომზადება  და  მცდელობა  შესაძლებელია,  მაშინ  დამნაშავის  შეპყრობის  უფლება  წარმოიშობა  თუკი  სისხლის  სამართლის  კანონის  დამრღვევმა  დაასრულა  დანაშაულებრივი  საქმიანობა  და  არაა  აუცილებელი  დანაშაულიც  დასრულებული  იყოს.  კერძოდ,  დამნაშავის  შეპყრობა  შესაძლებელია  დამთავრებული  მცდელობის  შემდეგ.  მაგალითად,  თუ  ა–მ  ტყვია  ააცილა  ბ–ს,  მოქალაქეებს  წარმოეშობათ  დამნაშავის  შეპყრობის  უფლება.

უკიდურესიაუცილებლობა
_______________________________

უკიდურესი  აუცილებლობა  ნიშნავს  სხვის(ხელმყოფის  ან  სხვა  პირის)  დაზიანებას  იმ  საფრთხის  თავიდან  ასაცილებლად,  რომელიც  ემუქრებოდა  თვით  დამზიანებელს  ან  სხვის  სამართლებრივ  სიკეთეს,  თუ  ამ  საფრთხის  თავიდან  აცილება  არ  შეიძლებოდა  სხვა  საშუალებით  და  დაზიანებული  სიკეთე  გადარჩენილზე  ნაკლებმნიშვნელოვანი  იყო.  უკიდურესი  აუცილებლობა  2  სახისაა(მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი)

1)დეფენზიური  ანუ  თავდაცვითი
2)აგრესიული  ანუ  თავდასხმითი  –დეფენზიური  უკიდურესი  აუცილებლობის  მდგომარეობაში  პირი  ზიანს  აყენებს  არა  მესამე  ძალას,  არამედ  საფრთხის  წყაროს(ხელმყოფს)  და  ამ  დროს  პირს  სამოქალაქო  სამართლებრივი  წესით  ზიანის  ანაზღაურება  არ  ეკისრება.

მაგ:  მეზობელი  წავიდა  აგარაკზე  და  წყალი  მოშვებული  დარჩა.  ქვედა  სართულზე  მცხოვრებს  უფლება  აქვს  კარი  შეუმტვრიოს  თუ  მას  უფრო  ნაკლები  ზიანის  მიყენებით  არ  შეუძლია  საფრთხის  თავიდან  აცილება.  ამასთან,  მის  მიერ  მიყენებული  ზიანი  ნაკლები  უნდაიყოს  გადარჩენილზე.

–აგრესიული  ანუ  თავდახმითი  უკიდურესი  აუცილებლობის  დროს  პირი  პასუხს  აგებს  სამოქალაქო  წესით.  ამ  მდგომარეობაში  პირი  ზიანს  აყენებს  არა  ხელმყოფს,  არამედ  მესამე  ძალას,  რომელსაც  არავითარი  წვლილი  არ  შეუტანია  შექმნილი  საფრთის  წარმოშობაში.

მაგ:  ა–ს  სახლს  ცეცხლი  წაეკიდა.  მის  გადასარჩენად  ა.  იძულებული  გახდა  მეზობლის  ნაკლებმნიშვნელოვანი  სიკეთე(მაგ:  ვენახი)  დაეზიანებინა.  ა.  ვალდებულია  აანაზრაუროს  ზიანი  სამოქალაქო  წესით.

მართწინააღმდეგობის  გამომრიცხველ  უკიდურეს  აუცილებლობათა  მართლზომიერების  ობიექტური  პირობებია:
1.  დაცულ  სიკეთეს  საფრთხე  უნდა  შეექმნას  რეალურად,  ე.ი  საფრთხე  ობიექტურად  უნდა  არსებობდეს.  თუკი  აუცილებელი  მოგერიებისა  და  დამნაშავის  შეპყრობისას  სამართლით  დაცულ  სიკეთეს  საფრთხე  შეიძლება  შეექმნას  მხოლოდ  მართლსაწინააღმდეგო  ქმედებით,  უკიდურესი  აუცილებლობისას  საფრთხის  წყაროდ  ასევე  შეიძლება  მოგვევლინოს  ბუნება,  ცხოველი,  სხვადასხვა  დაავადებანი  და  ა.შ
2.საფრთხე  უნდა  იყოს  იმწუთიერი,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  თუ  არა  საფრთხის  აღმკვეთი  მოქმედების  დროული  განხორციელება,  სამართლებრივი  სიკეთე  გარდაუვლად  დაზიანდება.დაცვის  ობიექტი  შეიძლება  იყოს:  ჯანმრთელობა,  თავისუფლება,  პატივი,  ღირსება  და  ა.შ
3.არ  უნდა  არსებობდეს  ისეთი  საშუალება,  რომლის  გამოყენებით  შესაძლებელი  იქნება  საფრთხეში  მყოფი  სამართლებრივი  სიკეთის  გადარჩენა  სხვა  სამართლებრივი  სიკეთის  ხარჯზე.  ამაზე  თვით  ამ  უფლების  დასახელება  მიანიშნებს:  ჯერ  ერთი  რომ  ქმედება  უნდა  იყოს  აუცილებელი  შექმნილ  ვიტარებაში  და  მეორე,  ასეთი  აუცილებელი  ქმედება  უნდა  იყოს  სამართლებრივი  სიკეთის  გადარჩენის  უკიდურესი  საშუალება
.  4.თავდასხმითი  უკიდურესი  აუცილებლობის  ზიანი  უნდა  მიადგეს  მესამე  პირს  ანუ  ისეთ  სამართლებრივ  სიკეთეს,  რომლიდანაც  საფრთხე  არ  წარმოშობილა.მაგ:  ა–მ  მისკენ  საკბენად  წამოსული  ძაღლი  მოიგერია  იქვე  მდგარი  მოქალაქის  ქოლგით.  მაგ  მფლობელს  უნდა  აუნაზღაუროს  ქოლგის  დაზიანებით  მიყენებული  ზიანი.
5.გადარჩენილი  სიკეთე  უფრო  მნიშვნელოვანი  უნდა  იყოს  ვიდრე  დაზიანებული.პირის  მოქმედება  აუცილებელი  მოგერიების  მდგომარეობით  მხოლოდ  მაშინ  შეიძლება  გამართლდეს,  როცა  დაცულია  სამართლებრივი  რანგირების  პრინციპი:  ყველაზე  დიდ  სიკეთედ  ითვლება  ადამიანის  სიცოცხლე,  ამიტომ  ადამიანის  სიცოცხლის  მოსპობა  არ  შეიძლება  გამართლდეს  უკიდურესი  აუცილებლობის  მდგომარეობით.  არ  შეიძლება  პირის  გამართლება  მძიმე  ავადმყოფის  ან  ღრმა  მოხუცებულის  სიცოცხლის  მოსპობისთვის,  როცა  ამ  მოქმედებით  სხვა  ადამიანის  სიცოცხლის  გადარჩენა  ხდება.  აკრძალულია  სიცოცხლის  ყოველგვარი  კვანტიფიკაცია,  ამიტომ  უკიდურესი  აუცილებლობით  გამართლების  საფუძველი  არ  შეიძლება  იყოს  ერთი  ადამიანისთვის  სიცოცხლის  მოსპობა  ბევრი  ადამიანის  გადარჩენის  მიზნით.

მართლზომიერირისკი
_______________________________

მართლსაწინააღმდეგოდ  არ  მოქმედებს  ის,  ვინც  სასარგებლო  მიზნის  მისაღწევად  გამართლებული  რისკის  პირობებში  დააზიანებს  სამართლებრივ  სიკეთეს.  მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი  აღნიშნული  გარემოების  მართლზომიერების  სუბიექტური  პირობაა:
1.  პირი  საზოგადოებრივად  სასარგებლო  მიზნის  მისაღწევად  უნდა  მოქმედებდეს.  აქ  უნდა  მოვიაზროთ  არამარტო  სახელმწიფო  ან  საზოგადოებრივი  ინტერესები,  არამედ  ინდივიდუალური  სამართლებრივი  სიკეთე.
2.რისკის  გარეშე  არ  უნდა  შეიძლებოდეს  საზოგადოებრივად  სასარგებლო  მიზნის  მიღწევა.  არაა  სავალდებულო  რისკის  გაწევა  მაინც  და  მაინც  აუცილებელი  და  გადაუდებელი  იყოს,  ანუ  ურომლისოდაც  სამართლებრივი  სიკეთე  დაიღუპება  აუცილებლად.
3.რისკი  მხოლოდ  მაშინ  იქნება  გამართლებული,  თუ  რისკის  გამწევმა  ყველა  ზომა  მიიღო,  რათა  სამართლებრივი  სიკეთე  არ  დაზიანბულიყო  ან  დაზიანების  საფრთხე  არ  შექმნოდა,  თუკი  არსებობდა  საზოგადოებრივად  სასარგებლო  მიზნის  მიღწევის  ისეთი  გზა,  რომელიც  საერთოდ  გამორიცხავდა  რისკის  განხორციელებას,  მაშინ  რისკი  გამართლებული  ვერ  იქნება.
4.  სამართლებრივი  სიკეთის  დაზიანება,  რაც  შეიძება  მოჰყვეს  რისკის  განხორციელებას,  რისკის  გამწევისთვის  უნდა  იყოს  სავარაუდო  და  არა  გარდაუვალი.

მაგალითად:  ქარხნის  აფეთქება  გარდაუვალია.  არის  ორი  ღილაკი:  ერთის  დაჭერისას  იგი  გადარჩება,  მეორის  დაჭერისას  კი  აფეთქდება.  ა–მ  გასწია  რისკი  და  ერთ  ღილაკს  დააჭირა.  შენობა  აფეთქდა.  მიუხედავად  ამისა,  რისკი  იქნება  გამართლებული,  ვინაიდან  სხვა  გამოსავალი  არ  არსებობდა.  ამ  შემთხვევაში  ქმედების  მართლწინააღმდეგობა  გამორიცხულია.  კანონმდებელი  იყენებს  ტერმინს  –  გამართლებული  რისკი.

არსებობს  აგრეთვესაპატიებელი  რისკი,  რომელიც  ბრალს  გამორიცხავს.  მაგ:  ბაბუამ  შვილიშვილი  მანქანიდან  გადააგდო  ბავშის  სიცოცხლის  გადარჩენის  მიზნით  ისეთ  ვითარებაში,  როცა  მანქანა  ხრამში  იჩეხებოდა.  სინამდვილეშ  მანქანა  არ  გადაიჩეხა,  ბავში  კი  დაიღუპა.  მიუხედავად  მძმე  შედეგისა,  ბაბუა  შეიძლება  არ  დაისაჯოს,  ვინაიდან  იგი  იმყოფებოდა  საპატიებელი  რისკის  მდგომარეობაში.  ამ  შემთხვევაში  სახეზე  გვექნება  არა  მართლზომიერი  რისკი,  არამედ  ბრალის  გამომრიცხველი  რისკი.

ანალოგიითგამოსაყენებელიმართლწინააღმდეგობისგამომრიცხველიგარემოებანი  _________________________________________________________________________

სსკ-ს    32-ე  მუხლმა,  ისევე  როგორც  38-ე  მუხლმა  გზა  გაუხსნა  სამოსამართლო  სამართალშემოქმედებას,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  სისხლის  სამართალში  განსაკუთრებით  მართლწინააღმდეგობისა  და  ბრალის  გამომრიცხველ  გარემოებებთან  დაკავშრებით  ,  პიროვნების  სასარგებლოდ  გამოიყენება  ანალოგია.მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი  ზეკანონური  გარემოებებია:დაზარალებულის  თანხმობა,  დაზარალებულის  სავარაუდო  თანხმობა,  მოვალეობათა  კოლიზია  და  ა.შ.

მაგალითები:  ა-მ  გადაწყვიტა  ცხვირის  ოპერაციის  გაკეთება.ოპერაციის  შმდეგ  მას  თავისი  გარეგნობა  არ  მოეწონა  და  ბ-ს  უჩივლა.უნდა  გაირკვეს,  არის  თუ  არა  ბ-ს  მოქმედებაში  ჯანმრთელობის  განზრახ  დაზიანების  შემადგენლობა.  თუ  სასამართლომ  გამოარკვია,  რომ  ბ-მ  ოპერაცია  სწორად  გააკეთა  და  მას  არავითარი  განზრახვა  არ  ჰქონია  დაემახინჯებინა  ა-ს  სახე  ასევე,  არც  წინდახედულობის  ნორმა  დაურღვევია,  იგი  პასუხს  არ  აგებს  მართლწინააღმდეგობის  არარსებობის  გამო.(ე.წ.  დაზარალებულის  თანხმობა).

საავადმყოფოში  მიიყვანეს  მძიმედ  დაჭრილი,  გონდაკარგული  ა.  ექომმა  ბ-მ  ა-ს  ნებისაგან  დამოუკიდებლად  გააკეთა  სასწრაფო  ოპერაცია  და  ა-ს  ფეხი  მოკვეთა(წინააღმდეგ  შემთხვევაში  ა  დაიღუპებოდა).გამოჯანმრთელების  შემდეგ  ა-მ  უჩივლა  ბ-ს  ფეხის  მოკვეთისათვის(განაცხადა  რომ  უფეხობას  სიკვდილი  ერჩივნა).თუ  სასამრთლო  დაადგენს,  რომ  ბ-მ  სწორი  სამედიცინო  მკურნალობა  ჩაატარა  და  მას  არ  ჰქონდა  საშუალება  ა-სგან  ნებართვა  აეღო,  ბ-ს  ქმედება  არ  იქნება  მართლსაწინააღმდეგო.(ე.წ.  დაზარალებულის  სავარაუდო  თანხმობა).

აღსანიშნავია,  რომ  აკრძალულია  სამედიცინო  ექსპერიმენტები  და  სადისტური  მოქმედებები.  მიუხედავად  იმისა,  რომ  სსკ-ს  133-ე  მუხლი  კრძალავს  უკანონო  აბორტს,  მეცნიერთა  გარკვეული  ნაწილის  აზრით,  აბორტის  გაკეთება  ვადების  გასვლის  შემდეგ  დედის  სიცოცხლის  ან  ჯანმრთელობის  გადარჩენის  მიზნით,  ბრალის  გამომრიცხველი,  საპატიებელი  გარემოებაა.

მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველ  ზეკანონურ  გარემოებათა  ჩამონათვალი  არ  არის  ამოწურული.