ტრეფიკინგი

 

ტრეფიკინგი E. traffic – ტრანსპორტირება, მოძრაობა

მონებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა. ადამიანთა, უფრო ხშირად ქალთა დაქირავება სამსახურისა თუ მომსახურებისათვის, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა მუქარით, მოტყუებით ან ძალადობით. გაეროს შეფასებით, ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 4 მლნ.-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე იძულებითი შრომისათვის. მიგრაციული პროცესების (შრომითი მიგრაცია) ინტენსივობა, ეკონომიკური კრიზისი, ქვეყნის კანონმდებლობის ნაკლოვანებები განიხილება ტრეფიკინგის ხელშემწყობ პირობებად.

ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად, მომგებიან და უკონტროლო სახეს სექს-ვაჭრობა წარმოადგენს. ქალის, როგორც სავაჭრო საგნის იმიჯს ამყარებს მასკულტურაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები და ქალის დაქვემდებარებული სტატუსი. ტრეფიკინგი გენდერულ ძალადობად განიხილება. ძირთადად, იგი დამახასიათებელია ეკონომიკური კრიზისის კერებისათვის. სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოური სივრცის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კარიბის აუზის მოქალქეები ბედი საძიებლად უფრო მდიდარ ქვეყანაში მიემგზავრებიან. მოდის სააგენტოები, ტურისტული ბიუროები, საცეკვაო კლუბები ქალებს მაღალანაზღაურებად და პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობენ, ტრეფიკერთა მაფია კი გულუბრყვილო ქალებს საროსკიპოში, იძულებით პროსტიტუციაში, შინამოსამსახურეებად ამწესებეს. ტრეფიკერები, ფაქტობრივად ერთსა და იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მიმართავენ: მსხვერპლისთვის პასპორტის, დაბადებისა და პირადობის მოწმობის, უბის წიგნაკის წართმევას, ფიზიკურ ძალადობას (ცემა, გაუპატიურება), დამცირებას, კრიმინალურ ქმედებაზე დათანხმებას, იზოლირებას, ოჯახის წევრებისათვის ზიანის მიყენების მუქარას და ა.შ.

ჯერ კიდევ 19004, 1910, 1921 და 1933 წლებში დასავლეთის ქვეყნებში დაიდო ქალთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო შეთანხმებები. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის ბრძანებულება ,,ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესახებ“ ითვალისწინებს საკანონმდებლო ზომების განხორცილებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ყველაზე მგრძნობიარე და დაუცველი ჯგუფის – ქალთა, მოზარდთა და ბავშვთა – უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

E. Trafficking

ადამიანთა, მათ შორის 18 წლის ასაკანმდე ბავშვების, გადაბირება, ტრანსპორტიტება, გადაყვანა, შეფარება ან მიღება ექსპლუატაციის მიზნით. ასევე „ტრეფიკინგად“ ითვლება ტრანსპორტირებვა, გადაყვანა, შეფარება ან მიღება მუქარის, ძალის გამოყენების ან უძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხისა და თუ სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ან ადამიანის ექსპლუატაციის მიზნით. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს არეგულირებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს 2000 წლის კონვენციის ოქმი „ადამიანის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დასჯად ქმედებად აცხადებს ტ-ს. კერძოდ 143 – ე 1 მუხლი. ადამიანით ვაჭრობად (ტრეფიკინგად ) ითვლება ადამიანის ყიდვა და გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგებების განხორციელება, აგრეთვე იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან თორმეტ წლამდე ვადით. ამავე მუხლის მიხედვით, კოდექსის ამ და 143 – ე 2 მუხლების მიზნებისათვის ექსპლუატაციად ჩაითვლება ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების, აგრეთვე ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის, ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს: მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონოო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ყოფნას, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადექვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას

საქართველოს კანონმდებლობით, დასჯად ქმდებად გამოცხადებულია არასწრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვანის ყიდვა და გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა და გადალამალვა ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. trafficking უკანონო ვაჭრობა

ადამიანით ვაჭრობა, ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაციად ჩაითვლება ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწევის, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების, აგრეთვე, ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის, ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში, ანდა ყოველგვარი ანაზღაურების, ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 143).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]