გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს უშიშროების საბჭო

E. UN Security Council

გაეროს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელსაც ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში. იგი შედგება 15 წევრისაგან, რომელთა შორის ხუთი მუდმივია, ხოლო ათი – არამუდმივი. ეს ხუთი ადგილი შემდეგ დიდ სახელმწიფოებს ეკუთვნის: აშშ-ს, ინგლისს, საფრამგეთს, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. დანარჩენ ატ წევრს ორი წლის ვადით ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა გეოგრაფიული რაიონებისა და კანდიდატ სახელმწიფოების მიერ მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით. ყოველი წევრი ერთდროულად არ აირჩევა – ყოველწლიურად აირჩევა მხოლოდ ხუთი ახალი წევრი უშიშროების საბჭო: ა) იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას; ბ) იძიებს ყველა ისეთ დავასა და სიტუაციას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დაძაბულობა; გ) იძლევა რეკომენდაციას ასეთ დავათა გადაწყვეტის მეთოდების შესახებ; დ) შეიმუშავებს შეიარარების რეგულირების სისტემის შექმნის გეგმებს; ე) განსაზღვრავს მშვიდობის დარღვევის საფრთხისა და აგრესიის აქტის ფაქტს და იძლევა რეკომენდაციებს საჭირო ზომების მიღებისათვის. იგი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ აგრესორის წინააღმდეგ ეკონომიკური ან ისეთი სხვა სანქციები და კონტრზომები, რომლებიც შეიარაღებული ძალის გამოყენებასთან არ არის დაკავშირებული; ვ) მიმართავს სამხედრო მოქმედებას აგრესორების ასალაგმავად; ზ) იძლევა რეკომენდაციებს ახალი წევრების მიღებისა და გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ერთად ირჩევს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრებს და ა.შ გუს მოქმედებს გაეროს ყველა წევრის სახელით, რომლებიც, თავის მხრივ, მოვალენი არიან, ყოველდრიურად დაეხმარონ საბჭოს ამ რთული მისიის შესრულებაში, კერძოდ საჭიროებისამებრ მის განკარგულებაში გადასცენ სათანადო სამხედრო კონტიგენტები და რესურსები მშვიდობის დასაცავად. გუს-ს გადაწყვეტილებანი პროცედურულ საკითხებზე მიიღება ცხრა ხმით, მიუხედავად იმისა, ამაზე თანახმაა თუ არა საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო. არაპროცედურული საკითხის განხილვისას კი აღნიშნული უმრავლესობა უნდა შეიცავდეს ყველა მუდმივი წევრის დადებით ხმას (ე.წ. ერთხმიანობის პრინციპი) გუს-თან შექმნილია სამხედრო-საშტაბო კომიტეტი, რომელიც საბჭოს მუდმივ წევრთა სამხედრო შტაბების მეთაურთაგან შედგება და მოწოდებულია, დახმარება გაუწიოს საბჭოს სამხედრო ღონისძიებების რეალიზაციის საქმეში (დღემდე ეს კომიტეტი არ ამუშავებულა საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოთა შორის უტანხმოების გამო). საჭიროების შემთხვევაში, გუს ქმნის სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც ევალებათ აგრესორთან ბრძოლა (ე.წ. გაეროს მშვიდობის იძულებით შენარჩუნების ან აღდგენის ოპერაცია). ასე მოხდა 1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობასთან დაკავშირებით. უშიშრობის საბჭომ დაგმო ეს აქცია და რამდენჯერმე მოითხოვა ერაყისაგან ქუვეითის დატოვება. ბოლოს, გუს-ს რეზოლუციით (№678), ერაყს წაუყენეს ულტიმატუმი 15 იანვრამდე ერაყის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გაეროს დავალებით ჯარების იერიშს მიიტანდნენ მასზე. და მართლაც, 1991 წლის იანვარ-თებერვალში გუს-ს დავალებით შექმნილმა სამხედრო კოალიციამ, რომლის ბირთვს აშშ-ს ჯარები შეადგენდნენ, მძლავრი სამხედრო დარტყმით (ე.წ. „ოპერაცია – „ქარიშხალი უდაბნოში“) გაათავისუფლა ქუვეითი და აიძულა ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, თავი დამარცხებულად ეცნო.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

მთავარი პასუხისმგებელი ორგანო საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებაზე; შედგება 15 წევრისგან. ხუთი მათგანი – აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და ჩინეთი – საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობენ. დროებითი 10 წევრი კი ორი წლის ვადით, გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეის მიერ აირჩევა. უ.ს.-ს მუდმივი წევრები სარგებლობენ ერთპიროვნული ვეტოს უფლებით, ანუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მათგანის უარი საკითხის ჩავარდნას ნიშნავს. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 9 წევრის თანხმობა, ამასთან, არც ერთი მუდმივი წევრი საკითხის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. თუ მუდმივი წევრი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, მაგრამ არც მისი საბჭოში ბლოკირება სურს, მას შეუძლია თავი შეიკავოს – ეს ვეტოს პრინციპს არ აამოქმედებს. უ.ს.-ს ფუნქციებსა და კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები: საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; საერთაშორისო დავების ან იმ სიტუაციების შესწავლა, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე ახალი დაძაბულობის კერა წარმოქმნან; აღნიშნული სახის დაძაბულობის განმუხტვის ან მოგვარების მეთოდების შემუშავება; შეიარაღებაზე კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების გეგმის შემუშავება; მშვიდობისადმი მუქარის ან აგრესიის ფაქტების გამოვლენა და მათ აღსაკვეთად რეკომენდაციების შემუშავება; აგრესიის აღკვეთის მიზნით გაეროს წევრი-სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური ან სხვა სახის სანქციების (რომლებიც შეიარაღებული ძალების გამოყენებას არ ითვალისწინებს) დაწესებისკენ მოწოდება; აგრესორის წინააღმდეგ შეიარაღებული აქციის განხორციელება; ორგანიზაციაში ახალი წევრისთვის რეკომენდაციის გაწევა; გაეროს მხრიდან „სტრატეგიული რაიონების“ მეთვალყურის ფუნქციის განხორციელება; გენერალური ასამბლეისთვის გენერალური მდივნის კანდიდატურისთვის რეკომენდაციის გაწევა და ასამბლეასთან ერთად საერთაშორისო სასამართლოს შემადგენლობის არჩევა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……