ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ხალხების ბრძოლა, მიაღწიონ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და კულტურულ იდენტიფიკაციას. ე.გ.მ-ები ჩაისახა XIX ს-ში და დიდი როლი შეასრულა იმპერიების დაშლის საქმეში. ასე მაგ., ოსმალეთის იმპერიის დაშლას თან მოჰყვა ბალკანეთსა და წინა აზიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ დამოუკიდებლობა მოუტანა აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შეიქმნა პოლონეთისა და ფინეთის, ხოლო ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შედეგად – ინდოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ა.შ. ე.-გ.მ. საწყის ეტაპზე მაინც, წარმოადგენს მოძრაობას კულტურულ-ეროვნულ თვითიდენტიფიკაციისათვის. ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება (სხვა ენობრივი დიალექტების არსებობის ფონზე) უნიფიცირებული ენის, ეროვნული პრესის, მეტ-ნაკლებად ერთიანი განათლების სისტემის, საკუთარი ისტორიული წარსულის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და სხვა ეროვნულ კულტურულ დაწესებულებებთან ერთად, ყოველივე ამით ხორციელდება ეროვნული ცნობიერების ფორმირება, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საქმეში. საქართველოში ამგვარი წამოწყებების უდიდესი ნაწილი განხორციელდა ილია ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგად XIX ს-ის 60-იანი წლებიდან. ე.-გ.მ-ის უფრო მომწიფებულ ეტაპზე ხდება უკვე წმინდა პოლიტიკური, უკიდურეს შემთხვევაში, შეიარაღებული გამოსვლები, რომელთა წარმატება დამოკიდებულია მრავალ პირობაზე, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ კლიმატზე. სწორედ ამ უკანასკნელმა და არა იმდენად მმართველი წრეების უუნარობამ მრავალმხრივ განაპირობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა და უკვე ბოლშევიკური რუსეთის მიერ მისი ოკუპაცია 1921 წელს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა

National-libration movement

დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთის ბატონობის მოსპობას და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, კოლონიური ჩაგვრისა და ექსპულატაციის ლიკვიდაციას, ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების განხორციელებას. ეს მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით თავს იჩენს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ორ საუკუნეში. ამ მოძრაობის პირველ მასობრივ ტალღად ითვლება XIX ს-ის პირველ მესამედში ლათინური ამერიკის ხალხთა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოების (იხ. სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) შექმნისათის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით ფართოდ და მძლავად გაიშალა XX ს-ის 50-60-იან წლებში, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა აზიის, აფრიკის, კარიბის რეგიონისა და ოკეანეთის ასზე მეტმა სახელმწიფომ. მესამე ტიპად უნდა ჩაითვალოს XX ს-ის 90-იანი წლები, როდესაც კომუნისტური რეჟიმების დამხობას აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ოცამდე ახალი სუვერენული სახელმწიფოს წარმოქმნა \nდღევანდელ მსოფლიოში კოლონიალიზმის კლასიკური ფორმა ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების რიცხვი არცთუ ისე ბევრია. თუმცა, ახლადჩამოყალიბებული, პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურად კვლავ ყოფილი მეტროპოლიის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ან დამოკიდებულია სხვა წამყვან, განვითარებულ ქვეყნებზე. ასეთი მდგომარეობა წარმოშობს დამოკიდებულების ახალ ფორმებს (ნეოკოლონიალიზმი) და ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების წინაშე აყენებს პრობლემას, იბრძოლონ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის. ეგმ სამართლიანი და პროგრესული მოვლენაა. მის იურიდიულ საფუძველს შეადგენს ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა – ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკევევის უფლება. ამ მოძრაობისაგან მკვეთრად განსხვავდება აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც მიზნად ისახავს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფოსაგან გამოცალკევდეს მასში მცხოვრები მცირრიცხოვანი ხალხი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითად ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……