კონფორმულობა

კონფორმულობა

სოციალური ქცევის ტიპი, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა; მეტ–ნაკლები წნეხის ძალის მქონე ნებისმიერი ნიმუშის თუ სტერეოტიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება. კ–ში გულისხმობენ: ა) ინდივიდის განწყობებისა და ქცევების შესაბამისობას სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან; ბ) განწყობებისა და ქცევის შეცვლას სოციალური ჯგუფის მხრიდან წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო; გ) ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენციას ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად. სოციალური ფსიქოლოგები გამოყოფენ კ–ის ორ ტიპს: 1) ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგნება; 2) დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა. მერტონის თვალსაზრისის თანახმად, არსებობს კულტურით განსაზღვრული მიზნებისა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებებისადმი ინდივიდის ადაპტაციის ხუთი ტიპი: კონფორმიზმი ადაპტაციის ერთ–ერთი ძირითადი ტიპია და ვლინდება ვითარებაში, როცა ინდივიდისთვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიც და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალურ–კულტურული გარემოს მახასიათებელია. მერტონის აზრით, სანამ სოციალური სწრაფვების კანონიერი გზით განხორციელების შანსი არსებობს, კონფორმისტი დევიანტურ ქცევას არ მიმართავს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……