მუსლიმანური სამართლებრივი სისტემა

მუსლიმანური სამართლებრივი სისტემა

E. Moslem legal system

თანამედროვეობის სამი ძირითადი სამართლებრივი ოჯახიდან (ანგლო-ამერიკული, მუსლიმანური და რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა) ერთ-ერთი სისტემა, რომლის საფუძველი და მთავარი შემადგენელი ნაწილია ისლამის პრინციპები და რელიგიური მითითებები, მათთან ორგანულად დაკავშირებული, რელიგიური სულისკვეთებით გამსჭვალული ზნეობრივი და იურიდიული ნორმები. რელიგიური სამართლის სხვა სისტემების მსგავსად, მუსლიმანური სამართალი წარმოადგენს არა ტერიტორიულ, არამედ პერსონალურ სამართალს. მისი ნორმები ვრცელდება მხოლოდ მაჰმადიანური თემის წევრებზე და არა სხვა რჯულის წარმომადგენლებზე. მუსლიმანური სამართლის წყაროებია: მაჰმადიანების წმინდა წერილი (ყურანი, სუნა), ყველაზე ავტორიტეტული ისლამური სამართალმცოდნეების ერთსულოვანი აზრი (იჯმა) და ანალოგიის მიხედვით მსჯელობა (კიასი). მუსლიმანური სამართალი აღმოცენდა მე-7 საუკუნეში და პოზიციებს ინარჩუნებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში (საუდის არაბეთი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები). არსებული მდგომარეობით მუსლიმანური სამართალი, უმეტესი მაჰმადიანური ქვეყნების სამართლის მხოლოდ ნაწილს შეადგენს და ძირითადად პირადი სტატუსის საკითხებს არეგულირებს (ქმედუნარიანობა, ქორწინება, მემკვიდრეობა, ანდერძი); ურთიერთობების სხვა სფეროები წესრიგდება რომანულგერმანული ან საერთო სამართლის სისტემიდან ნასესხები კანონმდებლობით. თუმცაღა, 1980-99 წწ. გაფართოვდა მუსლიმანური სამართლებრივი სისტემის მოქმედების არეალი (ავღანეთი, ირანი, სუდანი, პაკისტანი, ლიბია, იემენი), კერძოდ, მოხდა სისხლის სამართლის ისლამიზაცია. 1990 წლიდან რუსეთის ფედერაციის ცალკეულ სუბიექტში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანები შეადგენენ, ხორციელდება ისლამური სამართლის ნორმების შემოღების სხვადასხვა მცდელობა. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში ხდება მუსლიმანური სამართლის შარიათთან გაიგივება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……