ნარცისიზმი

ნარცისიზმი

ტერმინი მოდის ძველბერძნული მითიდან თავის თავზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცის – ნარცისის უბედური ემოციური განცდების შესახებ. ყველაზე ზოგადი გაგებით, ტერმინი გამოიყენება უზომო თვითტკბობის, საკუთარი ხატის, საკუთარი თავის მიმართ ავადმყოფური სიყვარულის აღსანიშნავად, მაგრამ ავტორის ორიენტაციის შესაბამისად, შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა მიიღოს. კლასიკურ ფსიქოანალიზში ამ ტერმინით აღინიშნება ლიბიდოს მიჯაჭვულობა საკუთარ „მე“-ზე, როგორც ობიექტზე. ნ. შეიძლება იყოს პირველადი (როცა ეგო და იდი ჯერ კიდევ ურთიერთგამოუყოფელია), რაც ნორმაში იცვლება ლიბიდოს ნაწილის მიჯაჭვულობით გარე ობიექტებზე, და მეორადი, როცა ლიბიდოს ნაწილი მოსწყდება გარე ობიექტებს და კვლავ მიიმართება საკუთარ „მე“-ზე. ფრომის თვალსაზისით, აუცილებელი არ არის ნარცისულმა ადმიანმა თავისი ნ-ის ობიექტად მთელი პიროვნება აქციოს: ზოგჯერ ნარცისულ შეფერილობას იძენს პიროვნების რაიმე ასპექტი (ფიზიკური უნარები, მახვილგონიერება, ღირსება); ზოგჯერ ნ. ისეთ თვისებას ეხება, რომლითაც ადამიანი არ ამაყობს, მაგალითად, მშიშარობა. ე. ფორმი მიიჩნევს, რომ სექსუალური და თვითშენახვის ინსტიქტების მსგავსად, ნ-ს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქცია აკისრია, რამდენადაც ოპტიმალური (და არა მაქსიმალური). ნ. სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და სოციალურ თანამშრომლობასთან მისი შეთავსებაც შესაძლებელია. მეორე მხრივ, ინდივიდუალური ნ. შეიძლება იქცეს ჯგუფურად; ასეთ შემთხვევაში გვარი, ერი, რელიგია, რასა ჩაანაცვლებს ინდივიდს და ნარცისული ლტოლვის ობიექტი გახდება. ამგვარად, ნარცისული ენერგია შენარჩუნდება, მაგრამ ემსახურება არაერთი უნდივიდს, არამედ ჯგუფის სიცოცხლის გადარჩენის ინტერესს. ჯგუფურ ნ-ს სოციოლოგიური ფუნქცია აქვს, რაც ვლინდება კეთილთვისებიან და ავთვისებიან ფორმებში. აღმშენებლური ქმედებების მოთხოვნილება ინდივიდს აიძულებს ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებას, რასაც კეთილთვისებიანი ნ-ის განვითარება მოჰყვება; თუ ჯგუფის ინტერესის ობიექტი თვითონ ჯგუფია (მისი დიდება, ძველი მიღწევები), ნარცისული ორიენტაციის მატება იწვევს ავთვისებიან ნ-ს. საზოგადოებრივი ნ-ის პათოლოგიის სიმპტომია ობიექტურობისა და გონიერი განსჯის უკმარობა. ე. ფრომის თვალსაზრისით, წარმატებების მიღწევა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ჯგუფის ნ-ის ობიექტი გახდება კაცობრიობა და არა ცალკე ხალხი, რასა ან პოლიტიკური სისტემა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……