პოსტინდუსტრიული საზოგადოება

პოსტინდუსტრიული საზოგადოება

სიტყვასიტყვით – საზოგადოება, რომელიც იქმნება ინდუსტრიული საზოგადოების შემდეგ; დასავლეთის სოციოლოგიაში ფართოდ გავრცელებული ტერმინი თანამედროვე საზოგადოების აღსანიშნავად. პ.ს.-ის კონცეფციის შემუშავებაზე არსებითი თეორიული ზეგავლენა მოახდინა ინდუსტრიული საზოგადოების თეორიებმა (განსაკუთრებით რ. არონისა და უ. როსტოუს კონცეფციებმა). პ.ს-ის კონცეფცია შეიმუშავა ამერიკელმა სოციოლოგმა დ. ბელმა. მისი გამოჩენილი წარმომაგენლები არიან აგრეთვე გ. კანი, ზ. ბჟეზინსკი, ა. ტოფლერი (აშშ) ჟ. ფურასტიე და ა. ტურენი (საფრანგეთი). ზოგადი კონცეფციის მიხედვით, მსოფლიო ისტორია იყოფა ინდუსტრიამდელ (აგრარულ), ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებად. ასეთ დაყოფას საფუძვლად უდევს წარმოების ტექნიკური დონე და შრომის დარგობრივი და პროფესიული დანაწილება. ინდუსტრიამდელ საზოგადოებაში განმსაზღვრელი იყო სოფლის მეურნეობის სფერო ეკლესიითა და არმიით, როგორც საზოგადოების მთავარი ინსტიტუტებით; ინდუსტრიულ საზოგადოებაში – მრეწველობა, კორპორაციითა და ფირმით სათავეში; ხოლო პოსტინდუსტრიულში – თეორიული ცოდნა უნივერსიტეტით, როგორც მისი წარმოებისა და თავმოყრის ადგილით. მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი როლი საზოგადოებაში განაპირობებს არსებით ცვლილებებას საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში. პ.ს-ში, ამტკიცებს მაგ., დ. ბელი, ქრება კაპიტალისტთა კლასი, ხოლო მის ადგილს იკავებს ახალი მმართველი ელიტა, რომელიც ფლობს განათლებისა და ცოდნის მაღალ დონეს. სოციალური სტრატიფიკაციისას განმსაზღვრელი ხდება განათლებისა და ცოდნის დონე და არა წარმოების საშუალებების საკუთრება, როგორც ეს ადრე იყო. კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის იცვლება კონფლიქტით ცოდნასა და არაკომპეტენტურობას შორის. XX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს პ.სის კონცეფციები გააკრიტიკეს „ახალმა მემარცხენეებმა“, რომლებმაც მასში დაინახეს არა საზოგადოებრივი განვითარების ახალი სტადია, არამედ კაპიტალისტური საზოგადოების იდეალიზებული ვარიანტი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……