სელფი

სელფი

E. Self

(საკუთარი პიროვნება) ადამიანის მიერ თავისი თავის გარემოდან გამოყოფის უნარი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს თავისი თავი განიცადოს ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობების, ქცევისა და პროცესების სუბიექტად წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ტერმინი აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში, თუმცა გამოყენებისას გარკვეული განსხვავებები არსებობს. სოციოლოგიაში ს. გაიგება სოციალურ კონსტრუქტად: იგი ვერ იარსებებს საზოგადოების გარეშე, პირიქით, აიგება საზოგადოებრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს ცნება სოციოლოგიაში სიმბოლური ინტერაქციონიზმის წარმომადგენლებმა (ჯ. მიდი, ჩ. კული) შემოიტანეს, რომლებიც იკვლევდნენ სოციალური ინტერაქციის (ურთიერთობის) ბუნებას. სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს სწორედ ის, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი, ანუ საკუთარი თავი ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან შეიმეცნოს თავისი თავი. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ინდივიდების მიერ „სხვათა როლების ათვისების“ პროცესი. ს–ის ის დონე, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვა ადამიანის პოზიციიდან, იწოდება მე–ობიექტად. ამ დროს, ინდივიდი არის „გენერალიზებული სხვა“, რომელიც ითვალისწინებს მოსალოდნელ რეაქციებს ჯგუფის წევრების მხრიდან განსაზღვრულ ჟესტებზე. ამ თვალსაზრისით, სხვა ადამიანებია სწორედ ის სარკეები, რომლებშიც ინდივიდისთვის საკუთარი თავის ხატი ყალიბდება. ამდენად, მე–ობიექტი საშუალებას აძლევს ინდივიდს, განჭვრიტოს მისი მომავალი მოქმედებების შედეგები და გაზომოს ალტერნატიული ქმედებების ეფექტი. ეს კი საფუძველს იძლევა, მოხდეს სოციალური ცხოვრების კალკულირება. ამ ეტაპზე ინდივიდი არ არის შემოქმედი და სპონტანური. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ს–ის იმ დონეზე, რასაც „მე–სუბიექტი“ შეადგენს. ეს არის პროცესი, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვისი, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. ამ დონეზე ინდივიდი შემოქმედია, მისი ქმედება, მეტ–ნაკლებად, გაურკვეველია და არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი. საბოლოო ჯამში, ს. მოიცავს: ა) წარმოდგენას, „როგორი ვეჩვენები სხვა ადამიანს“; ბ) წარმოდგენას, „როგორ აფასებს ეს სხვა ჩემს ხატს“; აქედან გამომდინარე, გ) სპეციფიკურ განცდას – „თვითპატივისცემას“ (სიამაყე ან დამცირება). ს. არის ადამიანში სოციალურისა და ინდივიდუალურის სინთეზი, საზოგადოებასთან მისი ინტერაქციის გარანტიცა და შედეგიც.

See also: სიმბოლური ინტერაქციონიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……