სოციალური ფსიქოლოგია

სოციალური ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის დარგი. იგი სათავეს ხალხთა ფსიქოლოგიიდან, საზოგადოების პრაგმატისტული ანალიზიდან და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიიდან იღებს. XX ს–ის დასაწყისში ს.ფ. დამოუკიდებელ მიმართულებად ყალიბდება (ტერმინი ს.ფ. შემოიტანა მაკ დუგალმა, 1908). ს.ფ. არის დისციპლინა, რომელიც ინდივიდუალურ ქცევას მასზე სოციალური ფაქტორების ზეგავლენის თვალსაზრისით განიხილავს. ს.ფ. იკვლევს სხვადასხვა სოციალური გარეთიანებების (ჯგუფი, მასა, სოციალური კლასი, ორგანიზაცია, ბუნებრივი და კულტურული ერთობები, უმცირესობები) ზეგავლენას ინდივიდის მოქმედების მზაობის პირობებზე (განწყობები, სტერეოტიპები სოციალური მოტივები), ქცევის ტიპებსა და ხერხებზე (ინტერაქცია, კომუნიკაცია, ჯგუფური დინამიკა). ს.ფ. ერთდროულად შეიძლება განეკუთვნებოდეს ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას. რის გამოც მას ხშირად მარგინალურ (ინტერდისციპლინურ) მეცნიერებად მიიჩნევენ.მეცნიერებათა სისტემაში ს.ფ. სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის დგას. სოციოლოგიის გარკვეული მიმართულებისათვის (მაგ. სიმბოლური ინტერაქციონიზმისათვის) სოციოლოგია და ს.ფ. იდენტური მეცნიერებებია. ს.ფ.–ის მეთოდებია სისტემატური დაკვირვება და გამოკითხვა. განსაკუთრებული წვლილი ს.ფ–ის განვითარებაში შეიტანეს კ. ლევინმა და გ.ვ. ოლპორტმა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……