მოსამართლე

მოსამართლე

E. judge

საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე, პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან კანონით გათვალისწინებული უხეში დარღვევისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევს ამ რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე (საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 46-52). მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მოსამართლე – სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრინციპებით.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. მოსამართლე – ორგანო, რომელიც ერთპიროვნულად, არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……