სოციალური მობილობა

სოციალური მობილობა

სოციალური ცხოვრება არ არის ერთ წერტილზე გაყინული. მას ახასიათებს მუდმივი მოძრაობა–ცვალებადობა, ძველის წარმავლობა, ახლის წარმოშობა. ამ ცვალებადობის მუდმივი თანამგზავრია სოციალურ აგენტთა (სუბიექტთა) თუ ჯგუფთა პოზიციების ცვლილებაც, მათი გადაადგილება ერთი პოზიციიდან მეორეში. ს. მ. არის სწორედ ინდივიდების ან სოციალური ჯგუფების გადაადგილება სოციალურ სივრცეში (საზოგადოებაში) იერარქიულ კიბეზე, ერთი სოციალური პოზიციიდან სხვაში. ეს მოძრაობა გულისხმობს ორი მიმართულებით გადაადგილებას: ქვემოდან ზემოთ, როდესაც ხდება სტატუსის გაუმჯობესება („აღმავალი მობილობა“), და ზემოდან ქვემოთ, როდესაც ხდება სტატუსის დაქვეითება („დაღმავალი მობილობა“). იერარქიულ კიბეზე მოძრაობა ვერტიკალური ს. მ–ის არსია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის გადასვლა ერთი სტრატიდან (ფენიდან) სხვა სტრატაში (ფენაში). როდესაც პოზიციის შეცვლა ხდება ერთი სოციალური სტრატის შიგნით, ესეც მობილობაა, ოღონდ – ჰორიზონტალური. სოციალურ ცვლილებას სივრცითი (ფიზიკური) ცვლილება შეიძლება ახლავდეს ან არც ახლდეს, მთავარია, იცვლება ადამიანის სოციალური მდგომარეობა, მისი სტატუსი და როლები. ადამიანის სოციალური მდგომარეობა რომ ვიცოდეთ, უნდა გავიგოთ მისი გარკვეული მახასიათებლები, ოჯახური მდგომარეობა, თანამდებობა, ქონება, პრესტიჟი, წარმოშობა, რწმენა, პოლიტიკური კულტურა, ეროვნება და სხვა. თუ ადამიანები ერთსა და იმავე სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და იდენტურ ფუნქციებს ასრულებენ, მათ ერთი სოციალური პოზიცია აქვთ. თუ განსხვავებულ ჯგუფებს ეკუთვნიან და სხვადასხვა როლებს ასრულებენ, მათი სოციალური მდგომარეობაც განსხვავებულია. ს. მ–ის ანალიზი პირველად ამერიკელმა (წარმოშობითი რუსმა) სოციოლოგმა პ. სოროკინმა (1889-1968) განახორციელა თავისი შრომაში „სოციალური მობილობა“ (1927). ს. მ–ის კვლევა თანამედროვე საზოგადოებაში, ძირითადად, ხდება დასაქმების სტრუქტურის ფარგლებში. ვერტიკალური მობილობის შესაძლებლობა საზოგადოების არარიგიდულობის და „ღიაობის“ საზომია: საზოგადოება მით უფრო ღია და დემოკრატიულია, რაც უფრო ლაბილურია სტრატებს (კლასებს) შორის საზღვრები და რაც უფო ნაკლები სოციალური წინაღობები (წოდებრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სხვ.) ხვდება ინდივიდებს (სოციალურ ჯგუფებს) იერარქიულ კიბეზე გადასაადგილებლად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……