ჰიპოთეზა

ჰიპოთეზა

მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად და მოითხოვს ვერიფიცირებას (დამოწმებას). ჰ–ის საშუალებით, გარკვეული ფაქტების საფუძველზე, კეთდება დასკვნა გარკვეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზის შესახებ. ჰ–ს ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ საჭიროა მისი შემოწმება და დასაბუთება. ჰ. დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა–ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ჰ–ებს აგნსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ მეცნიერებებში. ჰ. არის ვარაუდი ფაქტების ორ ჯგუფს შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ. სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰ. ერთ–ერთი მთავარი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის დაგეგმვას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი პროცესის ორგანიზებას. სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰ. წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს შესასწავლი სოციალური ობიექტების, მათი სტრუქტურის, თავისებურებების, სოციალურ მოვლენებს შორის არსებული კავშირების არსისა და ხასიათის, ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ. უნდა მოხდეს ისეთი ჰ–ების წამოყენება, რომელთა დამტკიცება ემპირიულად არის შესაძლებელი, თუმცა კვლევის პროცესში შეიძლება მოხდეს მათი უარყოფა. რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებისას ჰ–ის ფორმულირება ხდება კვლევის პროგრამაში, მონაცემების შეგროვების დაწყებამდე, ხოლო მათი შემოწმება – კვლევის პროცესში. თვისებრივი მეთოდების გამოყენების დროს ფაქტების, მოვლენების მნიშვნელობის გააზრება მკვლევრის მიერ კვლევის პროცესში ხდება. ჰ–ები ფორმულირდება, როგორც წესი, ანალიზის დასკვნით ეტაპზე. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჰ–ები შემაკავშირებელი რგოლია თეორიულ კონცეფციასა და კვლევის ემპირიულ ბაზას შორის. არსებობს ჰ–თა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. კვლევის ამოცანათა მიხედვით – ძირითადი და არაძირითადი ჰ–ები. 2. საგნობრივი სფეროს შესახებ ვარაუდების შინაარსის მიხედვით – აღწერითი და ახსნითი ჰ–ები. 3. დამუშავებისა და დასაბუთებულობის ხარისხის მიხედვით – პირველადი და მეორადი ჰ–ები. 4. ვარაუდების ერთიანობის ხარისხის მიხედვით, ჰ–ები – საფუძვლები და ჰ–ები – შედეგები (ანუ საფუძველჩამყრელი და გამომდინარეობითი ხასიათის ჰ–ები).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. hypothesis

G. Hypothese

L. hypothesis საფუძველი, ვარაუდი

1. რაიმე მოვლენის ახსნის მიზნით გამოთქმული მეცნიერული ვარაუდი;

2. სამართლებრივი ნორმის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს ნორმის მოქმედებისთვის აუცილებელ პირობებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……