სანოტარო მოქმედება
E. notarial activity
მოქმედება, რომელიც სრულდება ნოტარიუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირის შუამდგომლობით. მას აქვს იურიდიული შედეგი. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს, ანდერძებს, რწმუნებულებებსა და სხვ.);
ბ) გასცემს საკუთრების უფლებების მოწმობას ქონების ნაწილზე;
გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლებების მოწმობას;
დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;
ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღას ადებს საცხოვრებელი სახლის გასხვისებას;
ზ) ამოწმებს დოკუმენტის პირისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
თ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
ი) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
კ) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ლ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
მ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;
ნ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;
ო) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;
პ) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასეულობებს;
ჟ) ასრულებს სააღსრულებლო წარწერას;
რ) ასრულებს თამასუქის პროტესტს;
ს) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას;
ტ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
უ) აფიქსირებს მტკიცებულებებს;
ფ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.
„ბ-ვ“ პუნქტებით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებას ნოტარიუსი ასრულებს სამუშაო უბნის მიხედვით. დასახლებულ პუნქტებში, სადაც სანოტარო ბიუროები არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ადასტურებენ ანდერძებს; იღებენ ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ამოწმებენ დოკუმენტებს პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან; გადასცემენ პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს; ადასტურებენ მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ადასტურებენ მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; შესანახად იღებენ დოკუმენტებს. სანოტარო მოქმედებები, ნოტარიუსის გარდა, შეუძლიათ შეასრულონ საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. ყველა სანოტარო მოქმედება ტარდება რეგისტრაციაში სანოტარო რეესტრში (საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“, მუხლი: 41, 42, 43).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……