საავტორო უფლებები

საავტორო უფლებები E. copyright

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ რეესტრში. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრანტს ეძლევა სერტიფიკატი, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

  • ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©;
  • ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
  • გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

 

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე